ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერი, ალექსანდრე სარიშვილი, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 13 ნოემბრიდან ოფიციალურად დაიწყებს საქმიანობას. თუმცა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის შეუდგება საკუთარი უფლებამოსილების გახორციელებას საკრებულოს ახალი შემადგენლობა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მიმდინარე კვირის ბოლოსკენ დაგეგმილია ძველი საკრებულოს ბიუროს სხდომის ჩატარება, ხოლო მომავალი კვირისთვის ბოლო საკრებულოს სხდომის გამართვა.
15 ნოემბრისთვის საკრებულოში უნდა შევიდეს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტიც, რომელზეც მუშაობა და შემდგომ მისი დამტკიცება, სავარაუდოდ, ახალი საკრებულოს წევრთა პრეროგატივა იქნება. ვინაიდან პროექტის შემოსვლიდან არაუგვიანეს ათი დღისა საბიუჯეტო განხილვა უნდა მოხდეს, აქედან გამომდინარე, ახალი საკრებულოს შეკრების თარიღიც მალე გაცხადდება.
ახალი საკრებულოს ფორმირების ინტრიგა, ბუნებრივია, დიდია საზოგადოებაში და ამ თემაზე გადაჭრით რაიმეს მსჯელობა ძალიან რთულია. ვინ იქნება საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე? ვინ იქნებიან საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეები? რამდენი ფრაქცია შეიქმნება და ვინ იქნებიან მათი თავკაცები? ეს ის შეკითხვებია, რომლებიც აზრთა სხვადასხვაობისა და მსჯელობის საგნად იქცა საზოგადოებაში.
საკრებულოს მომავალი თავკაცის კანდიდატურაზე, რამდენიმე ვერსიაა გავრცელებული. უფრო ბევრს საუბრობენ ახლანდელი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზე, ნიგვზიანის თემის მაჟორიტარზე, ბესიკ ტაბიძეზე, რომელმაც საგრძნობი უპირატესობით მოიგო საკუთარი უბანი და ისედაც კარგი სასტარტო პოზიცია, კიდევ უფრო გაიმყარა. თუმცა, მისი არჩევა თავმჯდომარის პოსტზე ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაა და საამისოდ შანსები ასევე შეიძლება ჰქონდეს ვერიკო კვირკველიას, გიგი გვარჯალაძეს და ლადო ნანაძეს, რომელიც პირველ ნომრად იყო წარმოდგენილი საარჩევნო სიაში, რაც, წესით, თავმჯდომარეობის გარანტიც შეიძლება ყოფილიყო.
რაც შეეხება კომისიებს, აქ საკმაოდ დიდი კონკურენციაა და მართლაც ძნელია პროგნოზირება, რა მოხდება. ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ გუნდს ურთულესი მისია აქვს შესასრულებელი _ ისე გადაწყვიტოს საკადრო პრობლემები, მთლიანად გუნდის ერთიანობაში ბზარი არ გააჩინოს.