ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების უპრინციპულესი შეხვედრა გაიმართა ლანჩხუთში, სადაც „გურია“ სატურნირო ცხრილის უშუალო მეტოქე „ცხინვალს“ მასპინძლობდა.
ეს ორი გუნდი იბრძვის იმისთვის, რომ გადათამაშება აიცდინოს თავიდან. მოგეხსენებათ, ამ ლიგის მე-7-8 ადგილებზე გასულ გუნდებს ქვედა ლიგის მე-3-4 ადგილებზე გასულებთან მოუწევთ საპლეიოფო შერკინება და ზედმეტი თავისტკივილი, ბუნებრივია სასურველი არაა.
ამიტომაც იყო, რომ ეს შეხვედრა ლამის ტურის ცენტრალური პაექრობის სტატუსით სარგებლობდა და მართალია აქ მიღწეული შედეგი ბევრს ვერაფერს წყვეტდა, მაგრამ მაინც დიდი ფასი დასდებოდა.
ფასი უფრო დიდი იქნებოდა ცხინვალელთათვის. მათ რომ მოეგოთ , ფაქტობრივად, ამ ლიგაში ყოველნაირი გადათამაშების გარეშე რცებოდნენ, რამეთუ გურულებთან ქულათა სხვაობა უკვე 5 ქულა იქნებოდა.
სწორედ ამ ჭრილში სასიცოცხლო იყო ამ შეხვედრის მოგება დათო მახარაძის სამწყსოსთვის და პირველმა წუთებმა ეს ცხადყო კიდევაც. „გურია“ უკვე მეცამეტე წუთზე სწრაფი გოლით დაწინაურდა და ეს ლეგიონერმა ემანუელ იაგრმა შეძლო. იაგრი საერთოდ ამ შეხვედრის გმირად მოგვევლინა და სამი გატანილი გოლით დიდი წვლილი გაიღო ამ მოგებაში.
სტუმრებმა გაშვებული გოლის შემდეგ ყურები არ ჩამოყარეს და მეტოქეს ბრძოლა გაუმართეს. ჰოდა, 37 – ე წუთზე შედეგიც მოიმკეს – თამაზ ლომთაძემ ანგარიში გაათანაბრა.
სამიოდ წუთში გურულებს სტატუს ქვოს აღდგენა შეეძლოთ, მაგრამ ლევან შარიქაძემ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარემ აუღო).
შესვენების შემდეგ „გურია“ მალევე დაისაჯა ამის გამო, მას შემდეგ რაც „ცხინვალის“ შემტევმა ნიკა მაისურაძემ მეორე გოლი გაიტანა და სიტუაცია ერთობ დაძაბა კიდეც. მასპინძელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს მობილიზება, ინიციატივა ხელთ იგდეს და 8 წუთის ინტერვალში ჯერ გააყაიმეს ვალიკო ტყემალაძის გოლით, ხოლო იაგრის ზუსტი თავურით წინაც გავიდნენ.
ვა-ბანკზე წასვლა მოუხდათ სტუმრებს ბოლო წუთებში და ეს კარგად გამოიყენეს მასპინძლებმა. ბოლო წუთზე იაგრმა ისევ ზუსტი დარტყმით(ისევ თავით) დასაჯა მეტოქე, ხოლო დამატებულ მეოთხე წუთზე „საკონტროლო გასროლა“ ბექა ბაკურაძემ განახორციელა -5:2.
ამ მოგებით „გურიამ“ ერთი ქულით კი გადაუსწრო უშუალო მეტოქეს, მაგრამ დარჩენილ 3 ტურში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. საქმე იმაშია, რომ „ცხინვალს“ გაცილებით იოლი შეხვედრები დარჩა. თავად განსაჯეთ – ის საკუთარ კედლებში უმოტივაციოდ დარჩენილ მეტოქეებს – „სამგურალს“ და „გაგრას“ მასპინძლობს, ხოლო სტუმრად გავარნილ „ზუგდიდს“ ესტუმრება.
აი, გურულებს გაცილებით რთული მატჩები ელით. ისინი ჯერ მარტვილში „მერანთან“ სტუმრობენ, მერე შინ „სიონს“ დაუხვდებიან, ბოლო ტურში კი თბილისში „ვიტ ჯორჯიასთან“ შეხვედრით ასრულებენ ჩემპიონატს. ჰოდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სასწაული თუ გვიხსნის, პლეი-ოფი რომ ავიცილოთ თავიდან.
ფაქტია, რომ რთული სიტუაციაა, მაგრამ ამაში ბრალი უპირველესად ჩვენი კლუბის მესვეურებს უდევთ, რომლებმაც ვერაფრით დაალაგეს სიტუაცია გუნდში. იმედს ვიტოვებთ ისედაც ჭაობში მყოფები უფრი დიდ და გაუვალ ჭაობში არ ჩავვარდებით, საიდანაც გამოსვლა უკვე რთული საქმე იქნება.
„გურიამ“ ეს შეხვედრა ასეთი შემადგენლობით მოიგო – ხვედელიძე, რომანი, ტყემალაძე, კოტრიკაძე, არქანია, შენგელია, მაგლორ ტელა, შარიქაძე, ბაკურაძე, ემანუელ იაგრი, ვაგნერ და სილვა.
სათადარიგოები – პოლტავცევი; კიკნაველიძე, ნარიაშვილი, წერეთელი, დუდუჩავა, ბერიძე, ლაბაძე.