სასჯელაღსრულების N 16 პენიტენციურ დაწესებულებას „საზოგადოება ივერიისას“ წარმომადგენლები ესტუმრნენ.
აღნიშნული საზოგადოება მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას უდგას სათავეში. „საზოგადოება ივერიისას“ წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს ტაძრის მშენებლობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და ერთგვარი ანგარიში წარუდგინეს, თუ რა გაკეთდა 2010 წლიდან დღემდე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის მიმართულებით.
მსჯავრდებულებს სტუმრებმა ორი დოკუმენტური ფილმი წარუდგინეს, რომელიც შეეხებოდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანებასა და ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ასლის დაწერას.
„საზოგადოება ივერიისას“ ქტიტორთა წევრმა, რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა აღნიშნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ადამიანები ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ და ამიტომაც მათთვის ტაძრის მშენებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია.
„პენიტენციურ დაწესებულებაში მოსვლის მიზანი იყო აქ მყოფ ადამიანებთან გასაუბრება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რას ემსახურება მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსისა და საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა,“- განაცხადა ლევან კოღუაშვილმა.
ღვთისმეტყველების მეცნიერებათა მაგისტრი „საზოგადოება ივერიისას“ წარმომადგენელი გიორგი გვასალია კი აცხადებს, რომ საჭიროა საზოგადოებამ სწორად გაიგოს მახათას მთაზე მშენებარე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსისა და საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას რა დატვირთვა აქვს.
შეხვედრის დასასრულ, მსჯავრდებულებმა მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. (R)