“ხშირ შემთხვევაში, ჩვენს კოლეგებს ეშლებათ ლეგალიზაცია დეკრიმინალიზაციაში, რადგან სპეციალისტები არ არიან”, _ ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს. აკაკი ზოიძის თქმით, კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკის მოხმარება რჩება დასჯადი, უბრალოდ დადგენილი ოდენობის ფარგლებში დასჯის ფორმა იქნება ადმინისტრაციული და არა საპატიმრო.
“ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შევჯერდებით. ჩვენ ბევრ კოლეგას, ისევე, როგორც საზოგადოების ბევრ წევრს, არასწორი წარმოდგენა აქვს, თუ რას ეხება ეს ცვლილებები, რომელიც არის შემოთავაზებული. ხშირ შემთხვევაში ჩვენს კოლეგებს ეშლებათ ლეგალიზაცია დეკრიმინალიზაციაში, რადგან სპეციალისტები არ არიან. ნარკოტიკის მოხმარება რჩება დასჯადი, უბრალოდ დასჯის ფორმა იქნება ადმინისტრაციული დადგენილი ოდენობის ფარგლებში და არა საპატიმრო. კანონპროექტი არ გულისმხობს, რომ ამით ხდება მოხმარების წახალისება ან გასაღებაზე ზომების შემცირება. ეს საკანონმდებლო პაკეტი გარკვეული მიმართულებებით გულისხმობს გამკაცრებასაც. მაგალითად, სააფთიაქო ნარკომანია გაუტოლდება ნარკოტიკულ დანაშაულს, რაც ჩემი აზრით, გამოიწვევს მნიშვნელოვან პრევენციულ ეფექტს”,– განაცხადა ზოიძემ.
პარლამენტში კანპროექტის განხილვის დაწყება მომავალი კვირიდან იგეგმება.