ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საარჩევნო შტაბის განცხადებას ავრცელებს და დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:
“მადლობას ვუხდით შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებისთვის, რითაც წერტილი დაესვა კოტე შარაშენიძის შტაბის მიერ წარმოებულ ორდღიან დეზინფორმაციულ კამპანიას. გიორგი როყვა ოზურგეთშია და მისი უფლებები დაცულია.
ახლა უკვე ცხადია, რომ ეს ე.წ. სპექტაკლი კოტე შარაშენიძეს დასჭირდა ერთადერთი მიზნისთვის: როგორმე გადაეფარა „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი როყვას მონაცემების გაყალბებით შეტანა საკუთარ საარჩევნო წარმომადგენელთა სიაში, რის შესახებაც როყვამ თავად მიმართა მედიასაშუალებებს.
შარაშენიძემ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ როყვა მისი საინიციატივო ჯგუფის წევრი და მხარდამჭერია – სინამდვილეში გიორგი როყვა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრია და დოკუმენტურად დასტურდება, რომ ადგილობრივ არჩევნებში ის „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი იყო.
შარაშენიძემ ასევე იცრუა, როდესაც გიორგი როყვას გაუჩინარებაზე განცხადებები გააკეთა და აღნიშნული ფაქტი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენა, მაშინ როდესაც გიორგი როყვას ოჯახს პოლიციისთვის არც კი მიუმართავს და ოჯახის წევრები მას გაუჩინარებულად არ მიიჩნევდნენ.
სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტი საკუთარ საარჩევნო კამპანიას შანტაჟსა და დეზინფორმაციაზე აგებს. ჩვენ თავს ვიკავებდით წინასწარი განცხადებების გაკეთებისგან. დღეს უკვე შეგვიძლია მოვუწოდოთ, შესაბამის სამსახურებს და დამკვირვებლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და პირის თანხმობის გარეშე მონაცემებით მანიპულირებას სათანადო შეფასებები მისცენ, ” _ აღნიშნულია განცხადებაში.