ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო შუხუთში მოსახლების ნაწილი სოფლის სასაფლაოსთან თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და ამ პრობლემის მოგვარებაში დახმარებას ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებს თხოვს.
„ჩვენ თვითონ, ხალხი გამოვალთ და დავასუფთავებთ ამ ტერიტორიას, ოღონდ დაადგეს საშველი და აქ ნაგავი აღარ დაიყაროს. საფლავის დასუფთავების შემდეგ უმეტესობა ნაგავს ეკლესიისა და სოფლის სასაფლაოს შორის ღობესთან ყრის. ნაგვის ურნა ამ ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრში დგას, რომლითაც სამიოდე ოჯახი სარგებლობს. კარგი იქნება ან ეს ურნა გადმოიტანონ აქეთ, მოსახლეობაც გამოიყენებს, ან კიდევ ახალი დაამატონ. პირდაპირ სასაფლაოს ჭიშკართან ყრია ნაგავი, საღამოობით კი აქაურობა საქონელის თავშეყრის ადგილადაა ქცეული, რის გამოც აქაურობა წლიდან წლამდე ნაგვითა და ნაკელითაა სავსე. მხოლოდ სააღდგომოდ ახსენდებათ, რომ ტერიტორია დასასუფთავებელია, სხვა დროს არის ასე მინაგვიანებული.
სხვა მიცვალებულების პატრონები არ ვიცით, მაგრამ ამ მდგომარეობით განსაკუთრებით ის ადამიანები ვწუხდებით, რომელთაც ახლობელი ადამიანები და ოჯახის წევრები გვისაფლავია ამ ნაგავსაყრელის სიახლოვეს. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ გამოვალთ და თავად დავასუფთავებთ ტერიტორიას, ოღონდ ნაგვის ურნა დადგან აქ და სისტემატურად გაიტანონ ნაგავი ტერიტორიიდან“, _ ამბობს შუხუთის მოსახლეობის ნაწილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას.
მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული პრეტენზიების საპასუხოდ შუხუთში გამგებლის წარმომადგენელი დავით ფირცხალაიშვილი თვლის, რომ სოფლის სასაფლაოსთან შექმნილ მდგომარეობაში მთავარი დამნაშავე თავად მოსახლეობაა.
„ერთი ურნა სასაფლაოს ჩასასვლელშია, ორიც იქვე ახლოს, თუმცა, თავად მოსახლეობა არ ერიდება და სასაფლაოსა და ეკლესიის ღობესთან ყრის ნაგავს. სოფლის დეპუტატმა საკუთარი ხარჯებით, რამდენჯერმე დაასუფთავა და გაიტანა ტერიტორიიდან ნაგავი, შეეჩვივნენ ახლა თვითონ დაყარონ და სხვამ გაიტანოს“, _ ამბობს შუხუთში გამგებლის წარმომადგენელი, რომლის ინფორმაციითაც, უახლოეს დღეებში იგეგმება აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება და ნაგვის გატანა.