დღეს, მერის არჩევნების მეორე ტური საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში ტარდება, სადაც მერობის კანდიდატებმა 50% – იანი ბარიერი ვერ გადალახეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მერობის 12 კანდიდატი მონაწილეობს. ხვალ კენჭისყრა თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების ასარჩევად გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე, ხოლო რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე საარჩევნო ოლქში 328 304-ს შეადგენს.
მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას მისცემენ 2017 წლის 21 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით.
მერობისთვის კანდიდატები არიან: ყაზბეგში: საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოდან“ სანდრო ყამარაული და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” ალექსანდრე ზაგაშვილი:
ხაშურში:. ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” გიორგი გურასპაშვილი და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი რამაზ ნოზაძე.
ბორჯომში: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს კანდიდატი” ლევან ლიპარტია.
ქუთაისში: საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” – გრიგოლ ვაშაძე და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან” გიორგი ჭიღვარია.
ოზურგეთში: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი ბეგლარ სიორიძე და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი კონსტანტინე შარაშენიძე.
მარტვილი: საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მამუკა დანელია და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა.
ჩამოთვლილ 6 მუნიციპალიტეტში მერობის ვერცერთმა კანდიდატმა არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი ვერ დააგროვა. როგორც ცნობილია, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, თუმცა ამის მიუხედავად, მარტვილსა და ქუთაისში პარტიის მერობის კანდიდატები საარჩევნო ბიულეტენებში მაინც იქნებიან წარმოდგენილი.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში, კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა მიიღო მონაწილეობა. რაოდენობრივად ეს შეადგენს 1 569 992 მოქალაქეს. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 43.4% იყო.