საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი, რომელმაც გუშინ სახალხო დამცველზე გაკეთებული შესაფების გამო თეა წულუკიანი გაარიტიკა და დღეს ამის გამო უმრავლესობის ლიდერმა უსაყვედურა, განცხადებას ავრცელებს, რითაც არჩილ თალაკვაძეს პასუხობს, რომელმაც შალელაშვილის განცხადებას არაკორექტული უწოდა:
“მაღალი ინტერესისთვის მადლობას ვუხდი მედიისა და პრესის წარმომადგენლებს, მადლობას ვუხდი საზოგადოებას, რომელმაც ჩემი ღრმა რწმენით სწორად გაიგო ჩემი ნათქვამი. მე გახლავართ საქართველოს პარლამენტის წევრი, შესაბამისად ჩემს უპირველეს მოვალეობად მიჩნეული მაქვს დავაფიქსირო ჩემი ხედვა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
ძვირფასო საზოგადოება, მიმაჩნია, რომ თითოეული მოქალაქე, ვალდებულნი ვართ პატივი ვცეთ კანონს და ინსტიტუციებს. ვფიქრობ, თუ სახალხო დამცველი არის უსამართლო, არგუმენტირებულად უნდა იყოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, ისეთი მგრძნობიარე ინსტიტუტი, როგორიცაა სახალხო დამცველი, არ უნდა იქნას ამ ტიპის კრიტიკის საგანი. თუ სახალხო დამცველს აქვს მოტივირებული შენიშვნები, მას კანონის თანახმად უფლება აქვს მოგვმართოს პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, სადაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ საკითხთან მიმართებით.
ჩემი მიზანი იყო და რჩება პატივისცემა კონსტიტუციის, კონსტიტუციური ორგანოების და სახელმწიფოს ინტერესების მიმართ, სხვა მიზნები და ამოცანები მე არ გამაჩნია.
ბოდიშს გიხდით, არ ვიმყოფები საქართველოში, რის გამოც საკომუნიკაციოდ ვსარგებლობ სოციალური ქსელით” _ წერს შალელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შალელაშვილი სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც წულუკიანმა უჩა ნანუაშვილს საქართველოს ისტორიაში ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი უწოდა.
”მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია ,,ქართული ოცნების’’ არც ერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადება სახალხო დამცველის მიმართ, გახლავთ როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით.
მინდა მოგიწოდოთ, რომ ყველამ პატივი სცეთ კონსტიტუციურ ორგანოებს, პატივი სცეთ თანამდებობის პირებს, რომლებიც კონსტიტუციით თუ სხვა სამართლებრივი აქტებით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა მათი სამართლებრივი შეფასებები.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პარლამენტის მიერ 88 ხმით იქნა მხარდაჭერილი მოქმედი ომბუდსმენის კანდიდატურა. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ შეძლო ადამიანის უფლებების აღიარება, განმტკიცება და დაცვის უზრუნველყოფა, ეს არის ,,ქართული ოცნება’’ და სწორედ, ამ პოლიტიკური ძალის ღირსების და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაპირებ თვალი დავხუჭო მსგავს უსამართლობაზე.
ყოველთვის, ყურადღებით ვადევნებ თვალს ომბუდსმენის საქმიანობას და ანგარიშს, ასევე მისასალმებელი ფაქტია, რომ არც ერთი საერთაშორისო ან ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციიდან არ გაჩენილა პრეტენზიები მისი მისამართით”, _ დაწერა დეპუტატმა.
სწორედ ამ განცხადების გამო უსაყვედურა მას დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა:
“ჩვენი კოლეგის განცხადება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიმართ არაკორექტულია. თეა წულუკიანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ადამიანის უფლებების დაცვის რთულ საქმეს, იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ და იუსტიციის მინისტრის რანგში მის საქმიანობას წარმატებულად ვაფასებთ. მისი უშუალო ლიდერობით არაერთი მიმართულებით დაიხვეწა კანონმდებლობა, განვითარდა საჯარო სერვისების დაფარვა და ხარისხი, წარმატებით შესრულდა ვიზა-ლიბერალიზაციის ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები”, _ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.