ჩოხატაურის მეოთხე მოწვევის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პროფესიით გეოლოგი აკაკი ყაჭეიშვილი გახდა. მას მხარი სხდომაზე მყოფი 37 დეპუტატიდან 30-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ყაჭეიშვილმა, რომელიც „ნაციონალების“ ხელისუფლების დროს, სოფელ გოგოლესუბნის გამგებელი იყო, 2014 წელს ამავე სოფელში კენჭი დამოუკიდებლად იყარა და „ოცნების“ კანდიდატი დაამარცხა.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ კი „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა და მაჟორიტარის მანდატი მმართველი გუნდის სახელით მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში დროს მედიის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა _ კამერაზე ხელსაც გვიფარებდა, საარჩევნო კამპანიის დროს გამგეობაში „ნაცმოძრაობის“ ატრიბუტიკიანი მაისურით დადიოდა და არც შეურაცხყოფებს ერიდებოდა.
როგორც ჩანს, ის ჩვეულებას ახლაც ვერ ღალატობს _ მან საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფოტოს გადაღების უფლება არ მოგვცა. არადა, საჯარო სივრცეში, მით უმეტეს საკრებულოს სხდომაზე გადაღების უფლება არათუ ჟურნალისტს, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.
უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ყველაზე უკეთ უნდა იცოდეს საკრებულოს წევრმა, რომელიც თავად არის ადამიანისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების დაცვის გარანტი, რაც, როგორც ჩანს, მისთვის უცხოა.