შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომას დაესწრო. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 4.4 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უსასყიდლო უზუფრუქტით ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობაში, სსიპ – საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემის საკითხი იყო გამოტანილი.
“დღეს არის მთავარანგელოზობა და პირველ რიგში, ამ უდიდეს დღესასწაულს გილოცავთ.
მეუფის თქმით, ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მიწის ნაკვეთზე იგეგმება გურული ვაზის ჯიშების გამრავლება.
“ქართული, გურული ჯიშები გამრავლება იგეგმება. წლებია ვმუშაობ ვაზის ჯიშების გამრავლებაზე. გურული ვაზის 30 ჯიში მაქვს გაშენებული მცირე ნაკვეთზე ეპარქიაში. ეს ადგილი მინდა სავიზიტო ადგილი გახდეს სტუმრებისთვის და დავაინტერესოთ ისინი გურული ვაზით. გპირდებით, შემოქმედის ეპარქია არ შეარცხვენს გურიას და ყველანაირად ვეცდებით, გავამრავლოთ გურული ჯიშები. ამას, რა თქმა უნდა, არ ექნება კომერციული ხასიათი. სასულიერო პირებთან და ხელისუფლებასთან ერთად, გადაწყვიტეთ, გაკეთდეს სანერგე მეურნეობა. ჩვენ ახალგაზრდებს გვინდა, შევასწავლოთ გადაშენების პირას მყოფი ტრადიცია _ ვაზის დამყნა.
„ადესას“ შემოსვლამ, შეიძლება ითქვას, გადააშენა ქართული და ასევე გურული მეღვინეობა, ამიტომ რაც შეიძლება მეტი გურული ვაზის ჯიში უნდა მოვიძიოთ. ამ საქმეს ჩვენ ფერმერ ანდრო ვაშალომიძესთან ერთად ვაკეთებთ. 70 გურული ვაზის ჯიში იყო და გვინდა 70-ვე ჯიშს მივაგნოთ და გავამრავლოთ. თუ თქვენ დაგვიჭერთ მხარს, უფრო მეტს საქმეს გავაკეთებთ“, _ მიმართა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა საკრებულოს წევრებს და დარბაზში მყოფ დამსწრე საზოგადოებას.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ სადემონსტრაციო ნაკვეთზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაიწყო უნიკალური გურული ვაზის ჯიშების გაშენება, რომელიც ა(ა)იპ ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრს გადასცა, ცენტრი ლიკვიდაციის პროცესშია, ამიტომ ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცემა ეპარქიას.