Developed By Web Features 2024 © All rights reserved
ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქის ნაფიცმსაჯულთა ჟიურიმ მანჰეტენზე ოქტომბრის ბოლოს მომხდარი ტერაქტის შემსრულებელს, უზბეკეთის მოქალაქეს, საიფულო საიპოვს ბრალი წაუყენეს. ბრალდება 22 პუნქტისგან შედგება.
საიპოვს ბრალად რვა ადამიანის მკვლელობა ედება. ასევე, 12 ადამიანის მკვლელობის მცდელობა და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერა და ავტოტრანსპორტის გამოყენებით ძალადობრივი აქტის ჩადენა. საიპოვს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.
საიფულო საიპოვი 31 ოქტომბერს მანჰეტენზე ნაქირავები სატვირთო მანქანით ხალხში შევარდა, რასაც რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 12 კი დაშავდა. თავდამსხმელი პოლიციამ დაჭრა და დააკავა. საიპოვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მან ჩადენილი აღიარა და გამომძიებლებს სთხოვა, რომ მისთვის პალატაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის დაკიდების უფლება მიეცათ.
როგორც თავდამსხმელმა დაკითხვისას განაცხადა, მან ტერაქტის დაგეგმვა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა, დაკავებულის ტელეფონში „ისლამური სახელმწიფოს“ 90-მდე ვიდეოჩანაწერი აღმოაჩინეს.
ამჟამად საიპოვი მანჰეტენის ციხეში იმყოფება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved