სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად ერთ პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერორიზმში ეჭვმიტანილი სხვა პირების დაკავება.
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ისინი არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.
„სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერაცია. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი, საწყის ეტაპზე აწარმოებდა მოლაპარაკებას მათთან სამართალდამცველებისთვის ჩაბარებაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერატიული სამსახურის თანამშრომელი დაიჭრა.
“ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული პირების სრული იდენტიფიკაცია. მათი სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით განხორციელდა ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია იმ კორპუსის სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან,” – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა.
ნინო გიორგობიანის თქმით, სპეცოპერაციის დროს მიყენებული ზარალი ადგილობრივ მოსახლეობას სრულად აუნაზღაურდება.