“გურია ნიუსის” მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელშიც საუბარი იყო ოზურგეთის საკრებულოს ხვალიდნელი სხდომის დღის წესრიგზე და წინასწარ გადანაწილებულ თანამდებობებზე, საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი და მომავალი საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია გამოეხმაურა.
ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელმა დარჩიამ, რომელიც “ქართული ოცნების” ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა, მოახერხა და საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ახალი მოწვევის საკრებულოშიც შეინარჩუნა.
ეს გადაწყვეტილება, ისევე როგორც მის მოადგილედ გიორგი ღურჯუმელიძის დანიშვნა და სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე გადანაწილებული არჩევითი თანამდებობები დავით დარჩიასთვის პოლიტიკური კულტურა ყოფილა.
ამის შესახებ იგი იმ განცხადებაში აღნიშნავს, რომელიც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა:
“2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ოზურგეთში მ.პ.გ. “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებისგან მაღალი ნდობა მიიღო.
საკრებულოში წარმოდგენილი ვართ უმრავლესობით.
მსურს მადლობა ვუთხრა საზოგადოებას მაღალი ნდობისთვის.
დღეს ადგილობრივი მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკრებულოს პირველი სხდომის საკითხები წინასწარ არის გუნდის მიერ გადაწყვეტილი – გვსურს აღვნიშნოთ, რომ სრულიად ლეგიტიმურია სამუშაო შეხვედრა, პოლიტიკური კონსულტაციები გავმართოთ უმრავლესობის წევრებმა 27 ნოემბერს გასამართ საკრებულოს სხდომასთან დაკავშირებით, შევჯერდეთ პოზიციებსა და პირველი სხდომის დეტალებზე. ეს არის ნორმალური პოლიტიკური კულტურა.
მ.პ.გ. “ქართული ოცნება” მზად არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომის ჩასატარებლად” _ წერს დარჩია.
ამავე თემაზე: დარჩია თავმჯდომარე, ღურჯუმელიძე მოადგილე _ ოზურგეთის საკრებულოში თანამდებობები გადაინაწილეს
წინასწარ გადანაწილებული თანამდებობები საკრებულოში