დღეს, თბილისში კატო მიქელაძის სახელობის პრემიის დაჯილდოების რიგით მეხუთე ცერემონიალი გაიმართება, სადაც 15 ქალბატონია წარდგენილი. მათგან ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ თავმჯდომარე ქეთევან ხიდაშელია.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით ხადეშილის გარდა პრემიაზე წარდგენილი არიან: სამირა ბაირამოვა, მარინა მოდებაძე, ხათუნა ბეჭვაია, ევა ლომთაძე, ჯილდა ხარიტონაშილი, ნათია ხარატიშვილი, თეონა აბაშიძე, იზა ბექაური, ნაზელი დემურჩიანი, ეთერ თურაძე, ცაბუნია ვართაგავა, მარინე ბჟალავა, მარიამ მარჯანიშვილი და ლუიზა მუთოშვილი.
თხუთმეტივე კონკურსანტი, ღონისძიების სტუმრებს და ჟიურის საკუთარ საქმიანობას და მათ რეგიონში არსებულ გამოწვევებს გააცნობს.
„კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ ქალთა ფონდმა, საქართველოში პირველად 2013 წელს დააწესა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, 29 ნოემბერს, ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს გადაეცემა ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს.
ფონდის ინფორმაციით, კატო მიქელაძის პრემიის დაწესების უმთავრესი მიზანია ქალი უფლებადამცველების აღიარება და დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ქალთა უფლებების დამცველთათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ახალი სახეების წარმოჩენა და წახალისებაა.
შეგახსენებთ, რომ კატო მიქელაძე იყო მეოცე საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართველი ფემინისტი, აქტივისტი და პუბლიცისტი, ქართული სუფრაჟიზმის ფუძემდებელი და ქალთა ემანსიპაციისთვის თავდადებული მებრძოლი.