დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ფოტო-კონკურსში „(უ)თანასწორობა ჩვენ გარშემო“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
კონკურსში 23 აპლიკანტი მონაწილეობდა, რომელთა მიერ წარდგენილი ფოტონამუშევრებიც დამოუკიდებელ ექსპერტთა გუნდმა შეაფასა.
შეფასების შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული, პირველი ადგილი მარიამ ნიკურაძემ დაიკავა, მეორე ადგილზე გავიდა გიორგი დუნდუა, ხოლო მესამეზე მანანა ქველიაშვილი.
გარდა ამისა, კონკურსში მონაწილე 20 საუკეთესო ფოტო ღონისძიებისთვის დაიბეჭდა და დაჯილდოების ცერემონიაზე გამოიფინა. მათ შორის მოხვდა „გურია ნიუსის“ ჟურნალისტის გიორგი გირკელიძის გადაღებული ფოტოებიც.
როგორც „გურია ნიუსს“ ფოტო კონკურსის გამარჯვებულმა მარიამ ნიკურაძემ განუცხადა, მსგავსი კონკურსები პრობლემების გადაჭრას მცირედით მაინც დაეხმარება.
„დაახლოებით, 7 -8 წელია, რაც მუსლიმების პრობლემებზე ვწერ აჭარაშიც და მოხეშიც. მთელი ამ წლების განმავლობაში ჯერ–ჯერობით წინ გადადგმულ ნაბიჯებს ვერ ვხედავ, მაგრამ, მჯერა რომ კარგი ნაბიჯები რაც იდგმება, მედიის გარეშე ვერ გადაიდგმებოდა. იმედი მაქვს, რომ ასეთი კონკურსები პრობლემების გადაჭრას მცირედით მაინც დაეხმარება“, _ამბობს ნიკურაძე.
როგორც ცნობილია, კონკურსზე წარდგენილი ფოტოების თემატიკა შეესაბამებოდა – ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის იდეას, მათ შორის, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გამოწვევებს, საზოგადოებაში გენდერული ნიშნით დამკვიდრებული სტერეოტიპების, გენდერული კლიშეების და დისკრიმინაციის პრობლემას, უმცირესობათა (ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური) წარმომადგენლების უფლებრივ მდგომარეობას და სხვა თანასწორობისა თუ უთანასაწორობის ამსახველ იდეებს.
გთავაზობთ “გურია ნიუსის” ჟურნალისტის გიორგი გირკელიძის ფოტოკონკურსზე წარმოდგენილ ფოტოებს: