ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს აფასებს. როგორც ზაზა ხატიაშვილი ამბობს, ის ადვოკატების მხრიდან დიდი ნდობით სარგებლობს. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში პრემია-დანამატი არ აუღია, მისივე თქმით, არც ხელფასს იღებდა სრულყოფილი სახით.
,,24 ნოემბერს ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ და სამართლის საბჭომ დამაჯილდოვა, როგორც წლის უფლებადამცველი, ეს ჯილდო მილიონში ერთ კაცს გადაეცემა, რაც საუკუნის განმავლობაში აღარ მოხდება. სწორედ, ეს არის ჩემი მოღვაწეობის პიკი. ადვოკატები მოდიან და მადლობას მიხდიან. მე ერთადერთი თავმჯდომარე ვარ, რომელმაც ხელფასი 30%–ით შევიმცირე, პრემია-დანამატი არ ვიცი, რა არის, სამსახურებრივი მანქანა გავყიდე და მეტროთი დავდივარ, რომ ადვოკატებს ზურგზე არ დავაწვე. დავთვალე, 8 წელში 15 000 ლარია ბენზინის ხარჯი, მაშინ, როცა ეს თანხა ერთ თვეში არ ჰყოფნის პროკურატურის განყოფილებებს“, _ განაცხადა ,,გურია ნისუთან“ ზაზა ხატიაშვილმა
შეგახსენებთ, 9 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები ტარდება. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს: ირმა ჭკადუა, დავით ლანჩავა, დავით ასათიანი, დავით ებრალიძე და ლევან ჯანაშია.