ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, რელიგიის საკითხთა სააგენტოს რეკომენდაციის მოთხოვნა უკანონოა – თბილისის საქალაქო სასამართლოს ეს განმარტება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა.
რელიგიური გაერთიანების ინტერესებს სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოში TDI წარმოადგენს.
2017 წლის 5 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა თბილისის მერიისა და სსიპ “ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის” სააპელაციო საჩივარი, რომელიც რელიგიური გაერთიანების მიერ საკულტო ნაგებობის მშენებლობისთვის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაციის წარმოდგენის ვალდებულებას ეხებოდა.
რელიგიურმა ორგანიზაციამ, 2015 წელს, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს საკულტო ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის თხოვნით მიმართა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, არქიტექტურის სამსახურმა განმცხადებლისგან მშენებლობის მიზანშეწონილობის თაობაზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციის წარდგენა მოითხოვა.
მოსარჩელის პოზიციით, თბილისის მერიამ, არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ მომზადებული არასავალდებულო ხასიათის დოკუმენტის მოთხოვნით და ამის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვის გაუცემლობით, რელიგიური გაერთიანების უფლებები შეზღუდა. TDI-მ, რელიგიური გაერთიანების ინტერესების დაცვის მიზნით, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, მუნიციპალიტეტების მიერ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაციის მოთხოვნა რელიგიურ გაერთიანებებს სირთულეს უქმნის და წარმოშობს ახალ, კანონით გაუთვალისწინებელ ბარიერებს.
რელიგიური ორგანიზაცია, სასამართლო წარმოების ფარგლებში, ითხოვდა მშენებლობის ნებართვაზე უარის ბათილად ცნობას და არქიტექტურის სამსახურის ახალი კანონშესაბამისი აქტის გამოცემის დავალებას.
2017 წლის 31 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ:
-
საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობის თანახმად, ადმინსტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა განმცხადებლისგან, წარედგინა სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია (მათ შორის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაცია), გარდა კანონით გათვალისწინებული საბუთისა ან ინფორმაციისა.
-
თბილისის არქიტექტურის სამსახურს არ ჰქონდა განმცხადებლისთვის ამგვარი დოკუმენტის წარდგენის დავალდებულების უფლება. მსგავსი დასკვნის (რეკომენდაციის) სურვილის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო თავად მიემართა შესაბამისი უწყებისთვის.
-
თბილისის მუნიციპალიტეტის მერის (ზემდგომი ადმ. ორგანოს) ბრძანება გამოტანილი იყო კანონის არასწორი გამოყენებით და ამგვარად, შეიზღუდა მოსარჩელის უფლება კუთვნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ და საექსპლუატაციოდ სარგებლობისთვის.
საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ქალაქ თბილისის მერიამ და სსიპ “ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა” გაასაჩივრეს და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს. თუმცა სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებები და ძალაში დატოვა რელიგიური გაერთიანების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ რელიგიური გაერთიანებისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება კანონმდებლობით ამომწურავად არის რეგულირებული, ხოლო ამ პროცესში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს როლი ბუდნოვანი და უკანონოა. ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანების მიერ საკულტო თუ სხვა ტიპის ნაგებობის მშენებლობის მიზანშეწონილობის შეფასება, სააგენტოს მანდატსა და კომპეტენციას სცილდება.
შესაბამისად, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები სტრატეგული მნიშვნელობისაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, ადმინისტრაციული ორგანოების მხირდან არადომინანტური რელიგიური გაერთიანებებისთვის უკანონო დაბრკოლებების შექმნის ფაქტს.