დღეს, ოზურგეთში მოსულმა უხვმა ნალექმა მოსახალეობას პრობლემები შეუქმნა. ქალაქ ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩა #74 მცხოვრებმა ცირა იაკობაშვილმა “გურია ნიუსს“ დახმარებისთვის მიმართა.
იაკობაშვილის თქმით, უხვი ნალექის გამო, მათი ეზო დაიტბორა. პრობლემები აქვს სახლის პირველ სართულსაც, რადგან მოპირდაპირე ქუჩის სანიაღვრე არხებიდან გადმოსული წყლის ნაკადი ჯერ ეზოში მოედინება შემდეგ კი სახლის პირველ სართულს ტბორავს. იაკობაშვილის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს:
_ ჩემი სახლის საძირკველი წყლით ივსება, რაც მოპირდაპირე ქუჩის მოსახლეობიდან მოდის. მათი სანიაღვრე არხების, საკანალიზაციო სისტემის გამო, ჩემი სახლის საძირკველი ივსება მათი სახლებიდან და ეზოებიდან მომდინარე მიწისქვეშა წყლით. საძირკველი სავსეა წყლით, როდის გამოეშლება არ ვიცით და მოგვიყოლებს ქვეშ. უკვე ამდენი წელია ასეთ დღეში ვართ. ქალაქის მერია შეგვპირდა დახმარებას, ადრე ხრეშით დამეხმარნენ, მაგრამ კაპიტალურად მაინც არ გაკეთებულა. ჩემ მიერ ზედაპირულად შეკეთებამ არ უშველა. არ მაქვს არაფრის საშუალება, ერთ ოთახში ვხოვრობთ სამი წევრი. იმ ოთახში, სადაც წყალი არ მოდის.
ახლა მოვიდნენ და დამეხმარონ _ ასახლებას ვითხოვ, ვეღარ ვიცხოვრებთ იმის შიშით, თუ როდის წაიქცევა სახლი, _ამბობს იაკობაშვილი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულ ოჯახს აუცილებლად დაეხმარებიან:
_ მოგვმართოს განცხადებით, შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან, მოხდება ადგილზე გადამოწმება და შესაძლებლობის ფარგლებში, აუცილებლად დავეხმარებით, _ გვითხრა მერის მოადგილემ.