ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერი უფლებამოსილების გახორციელება უკვე ორი კვირაა შეუდგა. ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მერიაში, ფაქტობრივად, შეჩერებულია მოქალაქეების მიერ შემოტანილი განცხადებების რეგისტრაცია. “გურია ნიუსთან“ უამრავი მოქალაქე საუბრობს იმაზე, რომ სჭირდებათ სხვადასხვა ტიპის დახმარება, მაგრამ ამის თაობაზე ოფიციალურ პასუხს ვერ იღებენ.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა, როდის დაიწყებს მუნიციპალიტეტის მერია ოფიციალურად ფუნქციონირებას. ამასთან დაკავშირებით კომენტარები ვთხოვეთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ასევე, მერის კონსტანტინე შარაშენიძის მოადგილეს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივად უნდა ახორციელებდეს მოქალაქეებისადმი შესაბამისი მომსახურების გაწევას:
_ არათუ ორი კვირა, არამედ ერთი დღეც არ შეიძლება მოქალაქეებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ ვერ გაუწევს შესაბამის მომსახურებას. არსებული მდგომარება განაპირობა მუნიციპალიტეტების გაერთიანებამ, მაგრამ ეს არ უნდა გამხდარიყო მოქალაქეთათვის ადგილობრივი თვიმმართველობის სერვისებისადმი ხელმიუწვდომლობის მიზეზი. კანონმდებლობამ ხარვეზების გამო ვერ უზრუნველყო ის, რომ თვითმმართველობის ახალი თანამშროლების დანიშვნამდე ძველ თანამშრომლებს არ შეწყვეტოდათ უფლებამოსილება, _ ამბობს ტრაპაიძე.
მერის მოადგილე ირაკლი სირაძე განმარტავს, რომ ამ დღეების განმავლობაში პირადად ხვდებოდა მოქალაქეებს :
_ დავიწყოთ იქედან , რომ, პირველ რიგში, იმ ორი სტრუქტურიდან, რომელიც არსებობდა: ქალაქ ოზურგეთის მერია და მუნიციპალიტეტის გამგეობა, მოხდა ლიკვიდაცია და შეიქმნა ახალი თვითმმართველი მუნიციპალიტეტი, ქალაქ ოზურგეთის მერია. პირველ რიგში, შემუშავდა მერიის დებულება და 9 სტრუქტურული ერთეული ანუ 9 სამსახური, რომელსაც აქვს მეორადი სტრუქტურული ერთეულები ანუ განყოფილებები, ამ ყველაფერს სჭირდება დრო და ენერგია, რომ ამათი დებულებები, რაც შეიძლება სწრაფად დამტკიცებულიყო, რაც უკვე გავაკეთეთ. რაც შეეხება თანამშრომელთა დანიშვნას, 6 დეკემბერს დაინიშნა 14-15 თანამშრომელი, დღეს დღის ბოლომდე დაინიშნება კიდევ 19 თანამშრომელი, რომ მერიამ შეძლოს ფუნქციონიურება და მოქალაქეებს არ შეექმნათ დისკომფორტი, თუმცა, მოქალაქეებს არ შექმნიათ პრობლებმები, ვინაიდან ამ დღეების განმავლობაში ვხვდებოდი მათ, განცხადებებიც დავიტოვე, ორშაბათიდან ოფიციალურად მოხდება ამ განცხადებების ატვირთვა, გატარება და ა.შ. გვინდა რომ მობილობა ჩატარდეს უმტკივეულოდ და კანონის დაცვით, _ ამბობს სირაძე.