,,ქართული ოცნების“ წევრი დავით ჭიჭინაძე პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სხვა საპარლამენტო რესპუბლიკების მსგავსად, პრეზიდენტს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი უნდა ირჩევდეს. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი ამბობს, პრეზიდენტის არჩევის ფორმა მისთვის მნიშვნელოვანი არა არის, რადგან პრეზიდენტის უფლებები შეკვეცილია და ძირითადად, ქვეყანაში საშინაო და საგარეო ფაქტორებზე პასუხისმგებელი პარლამენტი და მთავრობაა.
,,ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს და საქართველოშიც პარლამენტმა რომ აირჩიოს რა დაშავდება. პარლამენტს ირჩევს ხალხი და ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს. ჩვენი ქვეყანა არის საპარლამენტო რესპუბლიკა და საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობა და პარლამენტი პასუხისმგებელია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სტაბილურობაზე. პრეზიდენტის უფლებები კი შეკვეცილია, ამიტომ სიმართლე გითხრათ, მე პრეზიდენტის არჩევის წესს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. უნდა გითხრათ, რომ მედიაში გავიგე იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, აქამდე ჩემთვის ცნობილი იყო პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ის მხარს საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის წესს უჭერდა. ჩვენი პარლამენტი დემოკრატიულად არჩეულია და ვერაფერს ვხედავ ცუდს იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ქვეყანაში არსებულ პროცესებზე პასუხისმგებელი მთავრობა და პარლამენტია“, _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.





































































