“ევროპული საქართველოს” წევრი ხათუნა გოგორიშვილი მიიჩნევს, სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად მართლმსაჯულება ელექტრონული საქმის წარმოების ახალ წესზე უნდა გადავიდეს, რომლის მიხედვით, მოსამართლეებისთვის საქმეების გადანაწილება შემთხვევით მოხდება.
„ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პრობლემები და კითხვის ნიშნები, რომლებიც ქართულ სასამართლო სისტემას აქვს, რაც შეიძლება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სასამართლო სისტემასთან მიმართებაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუშაობას არის სასამართლოში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პირველი ივნისამდე უნდა დაემტკიცებინა აღნიშნული წესი. მოგეხსენებათ, დღეს 13 დეკემბერია და არანაირი წესი დამტკიცებული არ არის. უფრო მეტიც, პირველი იანვრიდან 2018 წლის საქართველოს ყველა დონის სასამართლო უნდა გადავიდეს ელექტრონული საქმის წარმოების ახალ წესზე.
იქნებ მოიკითხოთ, იქნება თუ არა 2017 წლის დეკემბერში ზუსტად იგივე რეჟიმი ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, რადგან აღნიშნული ნორმა 2013 წლის 1 იანვარს უნდა შესულიყო ძალაში და მაშ შემდეგ, ყოველ დეკემბრის ბოლოს ხდება გადავადება.
გვექნება თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ 2018 წლიდან საქმე კი არ ნაწილდებოდეს იმის მიხედვით, ვინ ვის მიმართ როგორ არის განწყობილი და ნაზღაიძეების და ურთქმელიძეები კი არ იბარებდნენ საქმეებს, არამედ, როგორც ამას ყველა ნორმალური ქვეყანა აკეთებს, შემთხვევით შერჩევით მოხდეს,“ _ განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.