ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმდომარემ მამუკა მდინარაძემ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალი კონსტიტუციის მოდელს წარმატებული უწოდა. მმართველი გუნდის წევრი ხალხს მოუწოდებს, ჩირქი არ მოსცხონ კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტს.
“იმის მიუხედავად, რომ წარმატებული კონსტიტუცია გვაქვს, გვაქვს ძალიან კარგი ტექსტი და ახალ ცვლილებებს ვახორციელებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.
ძალიან ცუდია, როდესაც რომელიმე პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში უჩნდება სურვილი და მცდელობა, რომ ადამიანებს, ხალხს გაუჩინოს განცდა, თითქოს რაღაც ისე არ არის. ხომ შეიძლება, გვეყოს ძალა და კონსტიტუციასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ვთქვათ სიმართლე და აქაც ჩვენი ვიწრო მერკანტილური და პოლიტიკური ამოცანები არ ჩავდოთ და არ ეგონოს არც ერთ ადამიანს საქართველოში, რომ კონსტიტუციაში არის ხარვეზიანი ჩანაწერები”, _ განაცხადა მამუკა მდინარაძემ