დღევანდელი სახალისო მოგონებები თანამემამულე ხელოვანებს მიეძღვნება. ამ პროფესიის ადამიანებს გასახსენებელი ბევრი აქვთ. ზოგიერთი მათგანი ქართული საზოგადოებისათვის ცნობილი გახლდათ, რამდენიმე „შემთხვევა“ კი შედარებით უცნობი იყო და მათმა „ავტორებმა“ დღის სინათლეზე მრავალი წლის შემდეგ „გამოიტანეს“.
ცნობილი მსახიობი გურამ ფირცხალავა ასეთ ისტორიას ყვებოდა:
„მათემატიკა არასდროს მეპიტნავებოდა და ამ საგანში ყოველთვის მოვიკოჭლებდი. მოუსვენარი ბავშვი კი ვიყავი, მაგრამ მათემატიკის გაკვეთილებზე კარგად ვიქცეოდი. მასწავლებლები სამიანს არ მამადლიდნენ და კლასიდან კლასში გადავყავდით. მეათე კლასში კი მათემატიკის მასწავლებლად ცნობილი ნოე ტაბაღუა დაგვინიშნეს. მასთან ჩაწყობა „არმოსული პონტი“ იყო. გინდა სულ გასუსული მჯდარიყავი მის გაკვეთილზე, გინდა ყირაზე გადასულიყავი, ბოდიში და, ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. იცოდი? – ხუთიანს დაგიწერდა, არა და – ნულიანს. მიუხედავად იმისა, რომ ნოეს გაკვეთილებზე სანიმუშო დისციპლინით გამოვირჩეოდი, ჟურნალი სულ ნულიანებით მქონდა გატენილი. ჩემი ძმაკაცი და თანაკლასელი გივი ჯახუა კი რას არ სჩადიოდა მათემატიკის გაკვეთილებზე – ყვიროდა, აბრახუნებდა, მღეროდა და ასე შემდეგ, მაგრამ მათემატიკა წყალივით იცოდა და სულ ხუთიანები ჰყავდა. მე და გივი საზღვაო სასწავლებელში ვაპირებდით ჩაბარებას. მსახიობობაზე სკოლაში არც კი მიფიქრია და „სამარეხოდკოდ“ საგანგებოდ ვემზადებოდით სპეციალურ დისციპლინებში.
გამოსაშვები გამოცდების დრო რომ მოვიდა, ყველა საგანი ჩავაბარე და ბოლოს მათემატიკა მქონდა დარჩენილი. უიმედოდ ვიყავი, რადგან ვიცოდი, ვერ ჩავაბარებდი და ვერც გადავიწერდი. ნოე არავის აკარნახებინებდა და ჩავფლავდებოდი. ატესტატიც გვერდზე დამრჩებოდა და „მარეხოდკაც“. ერთი სიტყვით, ყურებჩამოყრილი ვიყავი. ამ დროს გივი ჯახუას გონება გაუნათდა და მითხრა:
– ნუ გეშინია, გურამ, მოვიფიქრე შენი საშველი და გადარჩიო.
– როგორ-მეთქი?
– როგორ და, ჩვენ ხომ მორზეს ანბანი ვიცით? ჰოდა დაფასთან რომ გამოგიყვანს ნოე, კაკუნს დავიწყებ, ამგვარად გიკარნახებ და ჩააბარებო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, მათემატიკის გამოცდაზე ჩემი ჯერი რომ დადგა, გივიმ კაკუნი დაიწყო. ის აკაკუნებს, მე ვწერ. ერთი სიტყვით, ყველაფერი სწორად დავწერე და ნოემ რომ დაფას შეხედა და შეფასება უნდა ეთქვა, უცებ მაგიდაზე ამოაკაკუნა – ნულიანი…
ნოე ტაბაღუა ძველი მეზღვაური ყოფილა, მორზეს ანბანი სცოდნია, ფანდს მიგვიხვდა და უკვე ყურაბჩამოყრილი გავდიოდი გამოცდიდან, უკან რომ მიმაბრუნა და „კოჭლი“ სამიანიც გამატანა თან…“
ცნობილი ქართველი მსახიობი ვასო გოძიაშვილი ერთ ისტორიას ხშირად იხსენებდა.
„ერთ გაზაფხულს ბიჭვინთაში „მსახიობთა სახლის“ კოტეჯებში ვისვენებდი. ჩემს გვერდით ცნობილი კინოვარსკვლავი – ლუბოვ ორლოვა ისვენებდა, თავის მეუღლე, გრიგორი ალექსანდროვთან და პატარა „ნადკასთან“ ერთად.
ნადკა რაღაც განსაკუთრებული ჯიშის კურდღელი იყო. თეთრი, ფუმფულა და მას ორლოვა დღეში სამჯერ, ძვირფასი შამპუნებით აბანავებდა. ისე უვლიდა, როგორც ღვიძლ შვილს. ორლოვასგან განსხვავებით, მე ოთხი თვის კავკასიური ნაგაზი მყავდა, რომელიც ჩემმა ადგილობრივმა თაყვანისმცემლებმა მაჩუქეს და იქვე, ეზოში მყავდა გაშვებული. თან, ყურადღებას ვაქცევდი, რომ ორლოვას კოტეჯში არ გადასულიყო და მისი ნადკა არ დაეგლიჯა, რომელსაც ჩემი ნაგაზი ავი თვალით უყურებდა ხოლმე.
ერთ დღეს, ჩემმა ლეკვმა ორლოვას ნადკა მომითრია სახლში, რომელიც სულ ერთიანად მიწაში იყო ამოსვრილი. ძაღლს კბილებით ეჭირა და რა თქმა უნდა, მკვდარი იყო… „ეს რა ხათაბალაში გავები. ორლოვამ რომ გაიგოს, ჩემმა ლეკვმა მისი კურდღელი მოკლა, ამ ქვეყანას არ დამაყენებს-მეთქი“, – გავიფიქრე და ძაღლს ჯერ ნადკა გამოვგლიჯე პირიდან და შემდეგ მკვდარი კურდღელი ძვირფასი შამპუნით ვაბანავე, გავაქათქათე. შემდეგ სტაფილო ჩავუდე პირში, ორლოვას უჩუმრად კოტეჯში გადავედი, კურდღელი კართან დავუსვი, ვითომ ცოცხალი იყო და უკან გამოვბრუნდი. ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ჩემთან ორლოვას ქმარმა მოირბინა და მითხრა:
– ვასო, ძვირფასო, კარდიამინი ხომ არ გაქვს, ლუბას გულმა შეუტია და უნდა ვუწამლოო.
– რატომ, რა სჭირს-მეთქი? – ვკითხე ალექსანდროვს.
– რა და გუშინ ჩვენი კურდღელი, ნადკა მოკვდა და მიწაში დავმარხეთ. ახლახან კი მან კართან მოგვაკითხა, თან პირში სტაფილო აქვს გაჩრილი და ლუბამ რომ ეს ნახა, გული წაუვიდაო, – მიპასუხა ცნობილმა კინორეჟისორმა.
ძნელი მისახვედრი არაა, რომ ჩემმა ლეკვმა კურდღელი მიწიდან ამოთხარა და სახლში მოიყვანა, რაც ორლოვას ლამის ინფარქტად დაუჯდა“.
მსახიობი გია ფერაძე ასეთ ისტორიას ყვებოდა:
„მოსკოვში, მეტყველების ასამაღლებელ კურსებზე რომ გამგზავნეს, ლექციას ცნობილი საბჭოთა დიქტორი, იური ლევიტანი მიკითხავდა. ის უზარმაზარ აკუსტიკურ ოთახში, ფართო აუდიტორიის წინაშე ატარებდა ლექციებს და გვასწავლიდა თავის ხელოვნებას. დროდადრო კი ლიტრიანი ბოთლიდან სვამდა ყლუპებს, რომელსაც უზარმაზარი ეტიკეტი ჰქონდა მიკრული და ეწერა: „წყალი“.
ჩემთან ერთად ცნობილი მსახიობი ოლეგ იანკოვსკიც გადიოდა ამ კურსს და ერთ დღეს გადავწყვიტეთ, ლევიტანი გაგვეშაყირებინა. ზუსტად ისეთივე ბოთლი ვიშოვე. დავაწერე: „წყალი“ და შიგნით ერთი ლიტრი ჭაჭა ჩავასხი, რომელიც თბილისიდან ბოცით მქონდა წაღებული. ლევიტანი რომ აუდიტორიაში შემოვიდა, ოლეგმა ის განზე გაიხმო, ყურადღება გაუფანტა, მე კი მისი ბოთლი მოვიპარე და ჩვენს მერხში დავმალე. ჭაჭით სავსე ბოთლი კი იქვე დავუდგი და ლექციაც დაიწყო.
მე და იანკოვსკი გვერდიგვერდ ვისხედით და მოუთმენლად ველოდით იმ მომენტს, როცა ლევიტანი ბოთლს მოიყუდებდა და შეცბუნებული გადმოასხამდა პირიდან ჭაჭას. მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ. ორმოცდახუთწუთიანი ლექციის დროს ლევიტანმა ისე გამოცალა ნახევარი ლიტრი ჭაჭა, რომ ერთიც არ დაჯღანულა. ლექცია რომ დასრულდა, ცნობილმა დიქტორმა აუდიტორიაში დარჩენა მთხოვა და პირისპირ მითხრა:
– ვიცი, რომ ჩემი ბოთლი შენ შეცვალე და აბა, ერთი ჩემი ბოთლიდან შესვიო.
მე ბოთლი მოვიყუდე და მოვსვი – წყლის მაგივრად, არაყი ყოფილა. ლევიტანს კი გაეცინა და მითხრა:
– სად ჭაჭა და სად არაყი. გეგონა, რომ ჭაჭას გადმოვასხამდი და იხალისებდით, ხომ?! ვერ მოგართვით. ჭაჭა შენზეა, – ოღონდ, არავისთან გამამხილოო.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ოცლიტრიანი ჭაჭით სავსე ბოცა ლევიტანს ვუფეშქაშე და მისი ლექციები უფრო მჭექარე გახდა“.