ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა დღეს ლანჩხუთის საკრებულოში სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრის კახა ასკურავას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლითაც ის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოს გამოეხმიანა. როგორც ფოტოზეა ასახული, ჩინური კომპანიის „სინოჰიდროს“ წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად შუხუთელ ბავშვებს საჩუქრებს გადასცემენ.
„მართლა ყველაფერს აქვს საზღვარი! ამ ფოტოზე იმ კომპანიის “სინოჰიდროს” წარმომადგენელია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, რომლის ტექნიკურად გაუმართავმა თვითმცლელმაც წინა დღეს 15 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა სოფელ ქვიანში, რამაც დაამუნჯა და გააქვავა მთელი სოფელი.
ნაცვლად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ჰქონდეს შეკითხვები (თავისი კომპეტენციის ფარგლებში), მით უმეტეს, რომ ვიკო ასკურავა არ არის პირველი მსხვერპლი და თუ ასე გაგრძელდება, ჩვენდა საუბედუროდ, არც უკანასკნელი აღმოჩნდეს, შესაძლოა, ამ ფირმის წარმომადგენლებთან ერთად, საზეიმო ღონისძიებებზე დადიან, თან სკოლაში?! სწორედ სკოლიდან მოდიოდა ვიკო ასკურავა, როცა ამ ფირმის მიერ დაქირავებული მანქანის საბურავმა იმსხვერპლა იგი და ამ ჩინური კომპანიის ხელმძღვანელობას ყოფნის თავხედობა და სწორედ სკოლაში ითხოვს შესვლას, როცა თავად ტრაგიკულად დაღუპული მოზარდი მიწასაც კი არ იყო მიბარებული. რომელი საჩუქარი და საქველმოქმედო ღონისძიება გამოისყიდის იმ ტრაგედიას, რომელიც ასკურავების ოჯახს მიაყენა სწორედ ამ ფირმის მიერ დაქირავებულმა მანქანამ? _ ამას ჩემი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას ვეკითხები, ან/და რა სასწრაფოდ აუცილებელი იყო ამ ღონისძიების მაინცადამაინც ამ ტრაგედიიდან მეორე დღეს გამართვა, რას მივაწეროთ ეს ყველაფერი?! მგონი, უკვე ორ წელზე მეტი გადის, რაც ეს ფირმა ლანჩხუთში მუშაობს და რომელი საქველმოქმედო ღონისძიება ჩაუტარებიათ ამ დრომდე?“ _ წერს ასკურავა სოციალურ ქსელში.
დეპუტატმა იგივე განცხადება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზეც გაიმეორა და აღნიშნა, რომ ჩინური კომპანიის კუთვნილ მანქანებთან დაკავშირებით საკითხი ექვსი თვის წინაც გააჟღერა.
ასკურავას ამ პოზიციას სხდომის თავმჯდომარის, ბესო ტაბიძისა და მერის, ალექსანდრე სარიშვილის აღშფოთება მოჰყვა. მათი შეფასებით დეპუტატის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება უზნეობაა.
„მას შემდეგ, რაც შენ მიერ გაკეთებული განცხადება მომაწოდეს, შემრცხვა იმ დარბაზში შემოსვლა, სადაც შენ იყავი. უზნეობაა ის, რაც დაწერეთ! ბატონო კახა, არ შეიძლება ტრაგედიით პოლიტიკურად ისპეკულიროთ. ეს ღონისძიება ათი დღით ადრე იყო დაგეგმილი და რა უნდა გვექნა?! მით უმეტეს, ეს კომპანია არაფერ შუაშია ქვიანში დატრიალებულ ტრაგედიასთან“, _ აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.