ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ მერიას შენიშვნებით და წინადადებით დაუბრუნდა, ამის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა. ჩვენ დავინტერესდით თუ როდის დაუბრუნებენ ჩასწორებულ ვარიანტს საკრებულოს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსი, გია მამაკაიშვილი „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ 10 იანვარს მოხდება საკრებულოზე 2018 წლის ბიუჯეტის ჩასწორებული პროექტის წარდგენა.
“შენიშვნები და წინადადებები უკვე მივიღეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და დაწყებულია მუშაობა, რომ მოხდეს გათვალისწინება 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში. ისეთი ბიუჯეტი წარდგება, რომელიც დარწმუნებული ვარ, დასაწუნი არაფერი ექნება“, _ გვითხრა გია მამაკაიშვილმა.
“გურია ნიუსის“ კითხვაზე, თუ რატომ დაირღვა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა და ეთანხმება თუ არა საკრებულოსგან მითითებულ შენიშვნებს და წინადადებებს, გია მამაკაიშვილი გვპასუხობს:
_ ვადა დარღვეული იყო, მაგრამ ეს პროცესები ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. ამ ყველაფერს ახლდა სხვადასხვა ფაქტორები. მაგალითად, 2017 წელს გამართული თვითმმართველობის არჩევნები, სადაც ოზურგეთში მეორე ტური გაიმართა. შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილებას დეკემბერში შეუდგა, შემდეგ მოხდა მობილობა, საკადრო-საშტატო ნუსხის გადახალისება. 15 დეკემბერს აღდგა ხაზინასთან და ელექტრონულ ბიუჯეტთან წვდომა. ჩემი აზრით, ამ ჩქარ ტემპში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის ოპტიმალური ვარიანტი წარვადგინეთ. მინდა გითხრათ, ყველა წინადადებას და შენიშვნას გავეცანი, ამას კი საკრებულოს სხდომაზე ნახავთ. იმედს გამოვთქვამ, რომ 10 იანვარს მოხდება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება“.