ჭარბი კალორიები სიმსუქნის ერთადერთი მიზეზი როდია. რაციონის შეზღუდვა და ფიტნესკლუბში კალორიების გაძლიერებული დაწვა საქმეს ყოველთვის ვერ შველის. ეს იმიტომ, რომ არსებობს შენიღბული ფაქტორები, რომლებიც ჭარბი კილოგრამების დაგროვებას უწყობს ხელს.
მუდმივად გამოუძინებელი ადამიანის ორგანიზმი კარგავს ძალების სრულფასოვანი აღდგენის და ენერგეტიკული მარაგის რაციონალური გამოყენების უნარს. სტრესი, ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაცია, პროვოცირებას უწევს ცხიმების დაგროვებას, რადგან იმ ჰორმონთა დიდი ნაწილი, რომლებიც მადას აქვეითებს და ცხიმების წვას იწვევს, მთელი დატვირთვით სწორედ მაშინ მუშაობს, როდესაც გვძინავს.
სტრესი ბიოქიმიურ ენაზე სისხლში კორტიზოლის, ადრენალინის, ლეპტინისა და სხვა ჰორმონების დიდი რაოდენობით გადმოსროლაა, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც პირდაპირ ალაგებს ცხიმებს თეძოებსა და მუცლის ღრუში. ამასთან, სტრესის შემდგომ ადამიანში ტკბილეულისადმი სწრაფვა იღვიძებს. შოკოლადი, კრემიანი ნამცხვრები, მურაბა, თაფლი, შედეგად კი – ჭარბი კილოგრამები…
კალორიების თვლას მივეჩვიეთ, მაგრამ გვავიწყდება, რომ რაციონის შედგენისას მთავარი რაოდენობა კი არა, ხარისხია, თუ ადამიანს გონივრულ დიეტაზე ყოფნისას გამუდმებით აწუხებს შიმშილი, ესე იგი, რაციონში არ არის საკმარისი ცილა. ადამიანები, რომელთა რაციონში ცილის შემცველობა არ აღემატება 10%-ს, იღებენ მათზე 260-300 კალორიით მეტს, ვიდრე ისინი, რომელთა რაციონშიც ცილის წილი 15%-ია. სიფრთხილე გმართებთ ხილთან. ჩვეულებრივი ვაშლი შესაძლოა გაცილებით მეტ ნახშირწყლებს შეიცავდეს, ვიდრე გვგონია.
მედიკამენტების დახმარებით ადამიანმა თვეში შესაძლოა 500 გრამიდან 5 კგ-მდე მოიმატოს. ისინი ამას სხვადასხვა მექანიზმით ახერხებენ: ერთნი მადას აძლიერებენ, მეორენი სისხლში ინსულინის დონეს ცვლიან, მესამენი ორგანიზმში სითხეს აკავებენ და სხვა. საბედნიეროდ, ასეთი გვერდითი ეფექტები ბევრს არ ახასიათებს. ამ მხრივ გამოირჩევა სტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, წნევის დამწევი მედიკამენტები და გულძმარვის სამკურნალო საშუალებები.
ცნობილია ათზე მეტი ჰორმონი, რომელთა დისბალანსიც წონის მატებას იწვევს. ყველაზე ხშირად ეს სამი სცენარით ხორციელდება:
1. ყველაზე გავრცელებული დაავადება ჰიპოთირეოზია (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა დეფიციტით გამოწვეული პათოლოგია), რომელიც ანელებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და იწვევს წონის პარადოქსულ მატებას მინიმალური მადის ფონზე. ქალები ჰიპოთირეოზით 10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან.
2. კუშინგის სინდრომი – ამ დროს მომატებულია ჰორმონ კორტიზოლის დონე, ეს ჰორმონი კი წონის მატებას იწვევს.
3. სასქესო ჰორმონების დეფიციტი ხელს უშლის უკვე დაგროვილი ჭარბი კილოგრამების მოცილებას.