თემირლან მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანენ. ოჯახმა თავად შეარჩია კლინიკა, სადაც დაჭრილის გადაყვანა სურს. 19 წლის ახალგაზრდის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით მაჩალიკაშვილები ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს ელოდებიან.
რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ექიმ ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა ამ დრომდე უცვლელია. მისივე თქმით, ამ დროისთვის მიღებულია თანხმობა ორი თურქული კლინიკის მხრიდან, გადაწყვეტილება კი, რომელ კლინიკაში განაგრძობს სპეცოპერაციისას დაჭრილი ახალგაზრდა მკურნალობას, ოჯახმა უნდა მიიღოს.