თემირლან მაჩალიკაშვილის მკურნალობის გასაგრძელებლად პაციენტის ოჯახის მიერ შერჩეულ თურქულ კლინიკასთან აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს.
ჯანდაცვის სამინისტროში დასრულდა შეხვედრა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძეს, თემირლან მაჩალიკაშვილის დედას, ოჯახის ადვოკატსა და თურქული კლინიკის შუამავალი კომპანიის წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე პაციენტის თურქეთში ტრანსპორტირებისა და მკურნალობის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, ოჯახი მკურნალობის გასაგრძელებლად პაციენტის სტამბოლში, “კოჩის” კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.
სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.