2017 წლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე მევენახეობისთვის შემოქმედის ეპარქიას საცდელი ნაკვეთი გადაეცა.
საპატრიარქოს 4.4 ჰა ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა. აღნიშნული ნაკვეთი ლიხაური-ჭანიეთის საზღვარზე მდებარეობს და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთია.
აღნიშნულ სადემონსტრაციო ნაკვეთზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგეობამ დაიწყო უნიკალური გურული ვაზის ჯიშების გაშენება, რომელიც, ასევე, ყოფილ ა(ა)იპ-ს „ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრს გადასცა“. მაშინ საკრებულოს სხდომაზე მყოფმა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა განაცხადა, ახალგაზრდებს შეასწავლიან ვაზის ჯიშების დამყნას. ასევე, იქნება მეურნეობა, სადაც დიდი ყურადღება მიექცევა ვაზის გურული ჯიშების გაშენებას.
დღეს, როცა 2018 წლის ბიუჯეტი მტკიცდებოდა საკრებულოს სხდომაზე სიტყვა ითხოვა ყოფილი ა(ა)იპ „ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრის“ ყოფილმა უფროსმა შალვა შავიშვილმა, რომელმაც საკრებულოს სხდომაზე მყოფ დეპუტატებსა და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა, არ გადაეცათ საპატრიარქოსთვის აღნიშნული მიწის ნაკვეთი და პროტესტი გამოთქვა.
რაზედაც საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან“ ხათუნა ცერცვაძემ უპასუხა, რომ ეკლესია ზრუნავს ქუჩას გამოსტაცოს მომავალი თაობა და შეაყვაროს ქართული კულტურა:
_ მე, როგორც ეპარქიის ყოფილი მდივანი, აღვნიშნავ, რომ ეს მიწა წინა მოწვევის საკრებულომ საქართველოს საპატრიარქოს გადასცა იმ მიზნით, რომ აღნიშნულ მიწაზე გაკეთდება საშვილიშვილო საქმე, რომელიც გურული ჯიშების გადარჩენას ემსახურება და ხელს შეუწყობს მომავალი თაობისათვის ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების პოპულარიზაციას, _ თქვა ცერცვაძემ.