საქართველოს მთიანეთში ქეიფი ხომ უხინკლოდ წარმოუდგენელია. ჰოდა, როდესაც მოთუხთუხე ქვაბში ჩაყრილი ხინკალი მოიხარშებოდა, თუ ვაჟკაცი იყავი, შიშველი ხელით მდუღარე წყლიდან უნდა ამოგეღო და პირდაპირ გადაგეყლაპა. თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ არყით შეზარხოშებული მთიელები ამას ახერხებდნენ და შემდეგ ქეიფსაც აგრძელებდნენ.
შესანიშნავი ქართველი ფოლკლორისტი ვახუშტი კოტეტიშვილი ფშავის ხშირი სტუმარი იყო და უხვად კრებდა ქართული ზეპირსიტყვიერების მარგალიტებს. ყოველთვის სასურველ სტუმარს, რა თქმა უნდა, ხინკლითაც ხშირად უმასპინძლდებოდნენ. ისიც ხომ ცნობილია, რომ ხინკალი უარყოდ ”უაზროდ” დაკარგული დრო და ტყუილად გაწეული ხარჯია”.
ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს ფშავლებმა ბარიდან ამოსულები სუფრასთან მიიწვიეს. სახინკლე ქვაბიც შემოდგეს ცეცხლზე, ხინკალიც ”ამოვიდა” და ”ამტანობის გამოცდაც” გაჩაღდა. გვარიანად შემთვრალმა ვახუშტი კოტეტიშვილმა გადაწყვიტა, ვაჟკაცობაში არ ჩამორჩენოდა მასპინძლებს და მდუღარე ქვაბთან მივიდა – ხინკლის ამოღება მოახერხა, შეჭამა კიდეც, მაგრამ ყელი და გულ-მუცელი ერთიანად ამოეწვა. გამწარებულმა იქვე მდგარ წყლით სავსე (როგორც თავად ეგონა) ჭიქას წამოავლო ხელი და სულმოუთქმელად დაცალა. ჭიქაში გამჭვირვალე სითხე ვიღაცისათვის ”საპახმელიოდ” გამზადებული წიწაკაგარეული არაყი აღმოჩნდა.
როგორც ბატონი ვახუშტი იხსენებდა, ამ ამბის შემდეგ შეეპარა მის ხმას ყველასათვის კარგად ნაცნობი ხრინწი.