საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2017 წელს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესასრულებლად გამოყოფილი დაფინანსებიდან თვითმმართველი თემის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “მუნიციპალური მომსახურების ცენტრს“ შრომის ანაზღაურებისთვის 381 350 ლარი საწვავის შესაძენად _ 30 508 ლარი ჩაერიცხა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ოზურგეთის სერვისცენტრს“ შრომის ანაზღაურებისთვის _ 23 150 ლარი, ხოლო საწვავის შესაძენად 1 852 ლარი ჩაერიცხათ.
“გურია ნიუსმა“ მიზნობრივად გახარჯული თანხების შესახებ ინფორმაცია თავად ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისგან გამოითხოვა.
“ოზურგეთის სერვისცენტრის“ დირექტორი ვოვა სალუქვაძე ამბობს, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სამუშაოები, ძირითადად, აღნიშნულმა სამსახურმა შეასრულა:
_ ჩვენს სამსახურს ქალაქის ტერიტორიაზე დაევალა ფაროსანას ბრძოლის საწინააღმდეგო სამუშაოების ჩატარება, სადაც ჩვენ მიერ ქალაქის ტერიტორიაზე 250 მთელი და 6 მეათედი ჰექტარი არის შეწამლული. აღნიშნული ფართის შესაწამლად ჩვენ დაგვეხარჯა 502 ლიტრი ბენზინი და ხელფასის სახით _ 12 553 ლარი. აღნიშნული თანხა გაცემული იყო დაქირავებულ მუშებზე.
ა(ა)იპ “მუნიციპალური მომსახურების ცენტრის“ დირექტორის მოადგილე თეიმურაზ ქინქლაძე ამბობს, რომ მის სამსახურზე გამოყოფილი თანხები მიზნობრივად გაიხარჯა:
_ შესრულებული სამუშაოს შედეგად ანაზღაურებისთვის, ვინც იმუშავა, მათ თანხები ჩაერიცხათ მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, აპარატს ხომ სჭირდებოდა საწვავი, ამიტომ მათ ერიცხებოდათ საწვავი ბარათზე.
ჩვენი სამსახური იყო მხოლოდ ფულის გამტარი, სოფლის გამგებლებს მოჰქონდათ მიღება-ჩაბარების აქტი, რის შემდეგაც ვრიცხავდით ფულს, ჩვენი უფლება-მოვალეობა რაც იყო, იმას ვასრულებდით, _აღნიშნა ქინქლაძემ.