ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე შარაშენიძის მიერ, არჩევიდან რამდენიმე დღეში მისი სიძისთვის გადარიცხული 30 000 ლარის საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს” უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმე სსკ 182-ე მუხლის მეორე ნაწილითაა აღძრული, რაც სხვისი, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების მითვისება/გაფლანგვას გულისხმობს. როგორც სისხლის სამართლის კოდექსშია განმარტებული, თუ ქმედება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებითაა ჩადენილი, აღნიშნული მუხლი 4-იდან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამავე დროს, პირს გარკვეული დროით, საქმიანობის უფლებაც ჩამოერთმევა.
აღნიშნულ საქმეზე ძიება გურიის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში, პროკურატურის ზედამხედველობით, “გურია ნიუსში” გამოქვეყნებული სტატიის და დოკუმენტების საფუძველზე დაიწყო, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, საქმის გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაიწყო.
ჩვენი ინფორმაციით, სუს-ი ოზურგეთის მერს, რომელიც ჩვენ ზარებს არ პასუხობს, ამ კვირაში დაკითხავს.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, გასული წლის 26 დეკემბერს, არჩევიდან ერთი თვის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონალურ ორგანიზაციას, რომლის ხელმძღვანელი მისი სიძე, ლაშა ლომაძეა, 30 000 ლარი ჩაურიცხა.
თანხის ჩარიცხავს წინ უძღვის 26 დეკემბერს გამოცემული ბრძანება, რომელშიც ვკითხულობთ:
“საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გურიის რეგიონალური ორგანიზაციის მიერ, შშმ კატეგორიის პირების სოციალური ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უზრუნველყოფის ფარგლებში შედგენილი საგანმანათლებლო გამაჯანსაღებელი პროექტის თანადაფინანსების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული (პროგრამული კოდი 04.02) ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამიდან გამოიყოს 30 000 ლარი”.
ოზურგეთის მერიიდან გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ამ მომსახურებაზე ხელშეკრულება შარაშენიძეს და ლომაძეს შორის არ გაფორმებულა.
ვრცლად სტატია ამავე თემაზე და მხარეების კომენტარები იხილეთ აქ.