ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლანჩხუთის მერიის შენობის სხდომათა დარბაზში, მოსახლეობას ერთწლიანი მუშაობის ანგარიში და სამომავლო გეგმები წარუდგინა.
შეხვედრის ადგილი, დეპუტატის განმარტებით, დარბაზის ოპტიმალური სიდიდის გამო შეირჩა, რათა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მისცემოდა შეხვედრაზე დასწრების საშუალება. მართლაც შეხვედრას იმდენი ადამიანი დაესწრო, რომ ამ ოპტიმალური სიდიდის გამო შერჩეულ დარბაზსაც კი გაუჭირდა მისი დატევა. თუმცა, სამწუხაროდ, შეკრებილებს შორის ნაკლებად შეინიშნებოდნენ რიგითი მოქალაქეები, ძირითადად, სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები ჭარბობდნენ, იყვნენ სკოლის პედაგოგებიც, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ხელმძღვანელი პირები და მხარის გუბერნატორი.
ნინო წილოსანმა ისაუბრა და შეაჯამა პარლამენტში საკუთარი საქმიანობა და აქტივობები, ასევე, ყურადღება გაამახვილა თავის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობაზე. დეპუტატს, ანგარიშის წარდგენისას, არც ჩოხატაურსა და ლანჩხუთში დასრულებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტები დარჩენია ყურადღების მიღმა.
წილოსანმა ბოლოსთვის მოიტოვა და ეცადა ცალკე თემად გამოეყო ფაროსანას საკითხი, თუმცა, დარბაზში მყოფმა საფეხბურთო კლუბ „გურიას“ ვეტერანმა გულშემატკივრებმა ფაროსანაზე საუბარს გუნდის სამომავლო პერსპექტივაზე საუბარი ამჯობინეს და პასუხიც მიიღეს რომ ამ საკითხს, დაახლოებით, 10 დღეში მოევლება.
შეხვედრისას დარბაზის უკანა რიგებიდან იყო რეპლიკებიც: „ბიუჯეტი გაიზარდაო, რომ ამბობს, სადაა მერე, ხელფასები გაიზარდეს და პრემიებსაც იღებენ“.
წილოსანმა რეპლიკის ავტორს შესთავაზა, დიალოგში ჩართულიყო, თუმცა, მან გაჩუმება არჩია.