ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მოქმედ ხელმძღვანელობას, ა(ა)იპ-ების მოწყობასთან დაკავშირებით, წინამორბედისგან განსხვავებული ხედვა აღმოაჩნდა და რიგ სამსახურებში რეორგანიზაციას გეგმავს. ამ პროცესთან დაკავშირებით მერისთვის თანხმობის მიცემის განკარგულებას საკრებულომ ერთხმად დაუჭირა მხარი.
საკითხი საკრებულოს წინაშე განსახილველად მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, შოთა ჩაგუნავამ წარმოადგინა და მისივე განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები ფინანსური რესურსების დაზოგვას წაადგება სასიკეთოდ.
მერიის ინიციატივით, რეორგანიზაცია ელის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას, რომელიც 2014 წელს შეიქმნა მაშინდელი მუნიციპალიტეტის პირველი პირის ინიციატივით და თავი მოუყარა მუზეუმებს, ბიბლიოთეკას, სამხატვრო და სამუსიკო სკოლებს და ასე შემდეგ.
თავის დროზე, სხვადასხვა დარგის სამსახურების გაერთიანებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ოპოზიცია, მაშინდელ უმრავლესობას, რომლებიც დღევანდელ საკრებულოსა თუ მერიის აღმასრულებელ რგოლში მრავლად არიან, არწმუნებდა, რომ ამ გაერთიანებით საჭირო ეფექტი არ იქნებოდა და პირიქით, ხელი შეეშლებოდა სახელოვნებო სკოლების ფუნქციონირებას. მაგრამ მაშინ გამგებლის, ზაზა ურუშაძის გადაწყვეტილებას უმრავლესობა უხმოდ დაემორჩილა.
როგორც ახლა დაგეგმილი ცვლილება აჩვენებს, ოპოზიციის ეჭვები სავსებით მართებული იყო და მუნიციპალიტეტის ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებიდან სამხატვრო და სამუსიკო სკოლები გამოვლენ და ცალკე ა(ა)იპ-ის სახით შეიქმნება „სახელოვნებო-სამუსიკო სკოლათა გაერთიანება“.
დაგეგმილი რეორგანიზაციის შედეგად ერთ სამსახურად გაერთიანდება „ლანჩხუთი სერვისი“ და „ლანჩხუთი ტექსერვისი“. ამ სამსახურების შერწყმასთან დაკავშირებითაც იყო საუბრები 2014 წელს გახორციელებული ცვლილებებისას, თუმცა, როგორც მაშინ ამბობდნენ, ვიღაც-ვიღაცების ინტერესებს მოარგეს ეს სამსახურები და, ფაქტობრივად, ერთი და იმავე ფუნქციის დარგი ცალკე სუბიექტებად დატოვეს.
ამჟამად მოსალოდნელი რეორგანიზაცია სპორტის მიმართულების სამსახურებსაც ვერ აუვლის გვერდს. ახალი გადაწყვეტილებით, „სპორტული ცენტრი“, „საფეხბურთო სკოლა“ და „გოგონათა ექსპერიმენტული სარაგბო-საფეხბურთო სკოლა“ ერთად მოიყრის თავს.
ასევე, ცვლილებები გარდაუვალია ა(ა)იპ „საგარეო-ეკონომიკური კავშირურთიერთობების, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრშიც, სადაც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული სფეროებია თავმოყრილი.