სტრესის, მარტოობის, უსიამოვნებების და ბევრი უამრავი პრობლემის დასავიწყებლად ადამიანების ნაწილი ალკოჰოლურ სასმელს მოიხმარს.
ალკოჰოლის ჭარბი ან ზომიერი, მაგრამ მუდმივი მოხმარების შედეგად კი ირღვევა მხედველობის, ინფორმაციის აღქმის, საღად აზროვნების და საკუთარი თავის კონტროლის უნარი.
ალკოჰოლური სასმელი არის ეთანოლის შემცველი სასმელი, რომლის გაყიდვა და გამოყენება ქვეყანათა უმრავლესობაში იზღუდება, ქვეყნების ნაწილში კი რეკლამაა აკრძალული.
ძირითადად არსებობს სპირტიანი სასმელის ოთხი ტიპი: ლუდი და ტკბილი ლიქიორები, რომელიც შეიცავენ 3-იდან 6%-ამდე (ზოგჯერ უფრო მეტსაც) ალკოჰოლს. ღვინო, რომელიც შეიცავს 12-14 %-მდე ალკოჰოლს.
სპირტზე დაყენებული ღვინო, რომელიც შეიცავს 18-20% ალკოჰოლს.
არაყი, რომი, ვისკი-მაგარი სასმელები, რომლებიც შეიცავენ 40-50% ალკოჰოლს.
სად რა აკრძალვები არსებობს ალკოჰოლურ სასმელის რეკლამასთან დაკავშირებით, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში_ამ საკითხზე „გურია ნიუსს“ „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი, გიორგი ლაბაძე ესაუბრა.
როგორც ის ამბობს, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელის რეკლამის აკრძალვის სხვადასხვა პრაქტიკაა.
“სხვადასხვა სახელმწიფოებში ალკოჰოლური სასმელის რეკლამის სხვადასხვა პრაქტიკებია. შიდა სახელმწიფოებრივი კონტროლი არის სხვადასხვაგვარი. მაგალითად, ბელგიაში არ არის შეზღუდული არცერთი სახის რეკლამა არცერთი სახის ალკოჰოლზე, ეს იქნება ბეჭდური მედია, ტელემედია თუ სხვა ნებისმიერი. ბელგია არ ზღუდავს და მარკეტინგში სრულიად თავისუფლება აქვთ კომპანიებს. რაც შეეხება დანიას, რეკლამები არის შესაძლებელი მხოლოდ ტრანსლირებადი მედიის საშუალებით და არ არის შესაძლებელი ბეჭდურ მედიაში. ძალიან საინტერესოა ირლანდიის მაგალითი. ირლანდიაში დაშვებულია რეკლამა ნებისმიერი საშუალებით, მაგრამ იმ ალკოჰოლურ სასმელებზე, რომლებშიც სპირტის შემცველობა არის, არანაირი რეკლამა არ არის დაშვებული. საფრანგეთში არის დაშვებული მხოლოდ ბეჭდურ მედიაში და აკრძალულია ტელევიზიაში და კინოთეატრების სივრცეში. ბრიტანეთში მსგავსი რეგულაციაა. ტელევიზიასა და რადიოში არის აკრძალული ასევე ყველა ბეჭდურ გამოცემაში, რომლის აუდიტორიაშიც შეიძლება იყოს 18 წლამდე მოზარდი. ყველაზე რთული, მკაცრი და შემზღუდავი რეგულაცია კი შვედეთს აქვს. 15%-ზე მეტი თუ არის ალკოჰოლის მოცულობა სასმელში სრულიად არის აკრძალული რეკლამა. ეს არის ძირითადი პრაქტიკა, რაც ევროპის სახელმწიფოებშია.“,_ამბობს ლაბაძე.
იურისტის თქმით, საქართველოში ალკოჰოლური სასმელის რეკლამა არის შეუზღუდავი, თუმცა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე, რეკლამის შეზღუდვა სასურველია.
ის ასევე აღნიშნავს, რომ რეკლამის სრული აკრძალვა ეკონომიკისთვის კარგი არ იქნება, ამიტომ ქვეყანაში შეზღუდვები ირლანდიისა და ბრიტანეთის ქვეყნებში არსებული პრაქტიკის შერწყმით უნდა მოხდეს.
„ალკოჰოლური სასმელის რეკლამას როგორც ტელევიზორში, ასევე რადიოში, ინტერნეტმედიაში, ქუჩაში გადაადგილების დროს ბანერებზე ვხვდებით. ეს ნიშნავს, რომ შეზღუდვა საქართველოში ამის შესახებ არ არსებობს. იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა წინა პლანზე იყოს წამოწეული დაწესებული უნდა იქნას შეზღუდვები. თუმცა, ცხადია, რომ სრული შეზღუდვა, ანუ ძალიან მკაცრი შეზღუდვა დააზარალებს იმპორტიორებს და არ იქნება კარგი ეკონომიკისთვის. შეგვიძლია მოვიშველიოთ მაგალითები, რომლის მიხედვითაც შეიძლება შეიქმნას კანონი. ჩემი მოსაზრებით, კარგი იქნება გადმოვიტანოთ ბრიტანელების და ირლანდიელების პრაქტიკა. ირლანდიელებს აქვთ აკრძალვა ყოველგვარ სპირტიან სასმელზე. დავურთოთ მსგავსი აკრძალვა მედიასაშუალებებში რეკლამებს, რომელზე წვდომა არ შეიძლება ჰქონდეს 21-წლამდე პირებს. იმისთვის, რომ მოზარდებს და ახალგაზრდებს არ ჰქონდეთ მიდრეკილება და არ მოეწონოთ, რადგან რეკლამა მიმზიდველია“,_ამბობს ლაბაძე.
საზოგადოების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ითვალისწინებს. თუმცა იურისტის თქმით, ხელშეკრულებაში კონკრეტულად ალკოჰოლის შესახებ საუბარი არ არის და ევროკავშირს არც შეუძლია საქართველოს ალკოჰოლის რეკლამის აკრძალვა დაავალდებულოს.
„ასოცირების ხელშეკრულებაში კონკრეტულად ალკოჰოლზე საუბარი არ არის, თუმცა ასოცირების ხელშეკრულებაში საუბარია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას გარკვეული ნაბიჯების გადადგმის შედეგად. ეს ითვალისწინებს, როგორც ალკოჰოლისთვის, ასევე თამბაქოსთვის გარკვეული რეგულაციების დაწესებას. ევროკავშირი საქართველოს ვერ დაავალდებულებს, იმიტომ რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც კი არ არის უნივერსალური პრაქტიკა, რაც დადგება შიდა სახელმწიფოებრივ აქტებთან შედარებით მაღლა და აკრძალავს, მაგალითად, რეკლამირებას. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი და მას შეუძლია მხოლოდ რეკომენდაციით მიმართოს საქართველოს,“_ამბობს ლაბაძე.