რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალტეტის სოფელ ქვიანში მომხდარი საზარელი ყაჩაღობის შემდეგ, კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა ქალაქის ტერიტორიის მიმდებარე ერთ-ერთ ფერმაზე.
„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, კახეთიდან ჩამოსულ საქონლის შემსყიდველ რამდენიმე პიროვნებას ფერმის ტერიტორიაზე ყაჩაღურად თავს დაესხნენ. როგორც ამბობენ, საქონლის შემსყიდველებს წინასწარ დაუკავშირდნენ და რამდენიმე პირუტყვის ჩაბარება შესთავაზეს. მორიგება შედგა, თუმცა, ადგილზე მისულ კახელებს პირუტყვის ნაცვლად ხელში ყაჩაღები შერჩათ.
ირკვევა, რომ ყაჩაღებს კახელმა სტუმრებმა დიდი წინაააღმდეგობა გაუწიეს და ურთიერთსროლის შედეგად ერთი პირი დაიჭრა კიდეც. საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ ყაჩაღობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბოროტმოქმედებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს.
აღნიშნული ფაქტის გადამოწმების მიზნით „გურია ნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც დაგვიდასტურეს მომხდარი ფაქტის შესახებ და გვითხრეს, რომ საქმესთან დაკავშირებით აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები.