ლანჩხუთის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა და ლესის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჭიჭინაძემ, რომელიც მცირე დროით სოციალურ კომისიასაც ედგა სათავეში, საკრებულოს სხდომაზე უსახლკაროთა პროგრამის მოსარგებლეებზე გაამახვილა ყურადღება. დეპუტატის განმარტებით, მის სოფელში ამ პროგრამით მოსარგებლე რამდენიმე ისეთი ოჯახი ცხოვრობს, ვისთვისაც, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მინიჭებული ქულების შესაბამისად, ახალი საცხოვრისის შეძენა უნდა მოხდეს.
„ლესის ადმინისტრაციაში შემავალი სოფლის, ჭინათის მაცხოვრებელთა საკმაო ნაწილს აქვს გეოლოგების დასკვნა, რომ ისინი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ. სამწუხაროდ, კიდევ დარჩა პროცედურები გასავლელი, რომ მათი პრობლემა მოგვარდეს. სოფელში 10-მდე ოჯახი უკვე სარგებლობს მერიის ქირავნობის პროგრამით. აქედან ორ ოჯახს მერია ხუთი წელია, რაც ქირავნობის თანხას უხდის, თვეში _ 100-100 ლარს. არადა, ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ამ ოჯახებს ისეთი ქულები აქვს მინიჭებული, რაც საკმარისია მათთვის ახალი სახლების შესაძენად, უბრალოდ, სამინისტროსთან მერის შუამდგომლობაა საჭირო. სანამდე უნდა ვიხადოთ ეს 100-100 ლარი?“ _ კითხვას სვამს დეპუტატი.
ელისო ჭიჭინაძემ უსახლკაროთა პრობლემებზე საუბრისას სოფელში არსებულ უსახურ შენობებზეც გააკეთა აქცენტი და მაგალითისთვის ლესის ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობა მოიყვანა.
„მარტო ჩაის ფაბრიკის შენობა რომ ავიღოთ, 20 ოჯახს დაიტევდა, არადა, უპატრონობით ინგრევა. ამის გარდა, სოფელში სხვა შენობებიცაა, რომლის ნაწილიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ნაწილი კი ვერ გავიგეთ საერთოდ ვისია. ამასობაში კი ეს შენობები ინგრევა და გამოუყენებელი რჩება“, _ დასძინა ჭიჭინაძემ.