როგორც “გურია ნიუსს“ აცნობეს, ოზურგეთში გაზსადენის რეაბილიტაციის გამო, ა(ა)იპ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დაქვემდებარებაში მყოფ 6 საბავშვო ბაღს, ხვალ, 6 თებერვალს სწავლა შეუწყდება.
ცენტრის დირექტორი ავთანდილ მექვაბიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიმართეს:
_ სოფელ ძიმითთან ცენტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მთელ რაიონს შეუწყდება გაზმომარაგება, ამიტომ გათბობის სისტემაზე არსებულ 6 ბაღში ხვალ სწავლა შეწყდება. დანარჩენ 29 საბავშვო ბაღში კი ჩვეულებრივად გაგრძელდება, _ გვითხრა მან.
რაც შეეხება საჯაროს სკოლებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ ხვალ გაზის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით, სკოლები ერთობლივად შეთანხდნენ:
_ ღამით გათბობას დატოვებენ, ხოლო ხვალ სწავლა არ შეწყდება, მოხდება შემცირებული საგაკვეთილო სწავლება. ამის უფლება აქვთ. დაწყებით კლასებში კი დილიდან ელექტროღუმელებს შეიტანენ, _ განმარტა მან.