6 თებერვლის ღამეს მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობის მოქმედების ვადა ამოიწურა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილს ბრალი პროკურატურამ 5 დეკემბერს წაუყენა. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადა 6 თებერვლის ღამეს იწურება და აღკვეთის ღონისძიება ავტომატურად უქმდება. ამის შემდეგ სააკაშვილის მიმართ არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს, გარდა იმისა, რომ მან, როგორც ეჭვმიტანილმა, უნდა მიიღოს უწყებები და გამოცხადდეს საგამოძიებო მოქმედებებზე“, – აღნიშნა ადვოკატმა.
მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად გენერალურმა პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს და წარმოადგინოს არგუმენტები და მიზეზები, თუ რატომ დაირღვა აღკვეთის ღონისძიების გაგრძელების შუამდგომლობის ვადები.
ოდესის ყოფილ გუბერნატორი, დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში კიევში 2017 წლის 8 დეკემბერს დააკავეს. პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა. მანამდე ის ორჯერ დააკავეს.