ლომთათიძის ქუჩაზე, 40 წლის დავით ქმოსტელი შურისძიების მოტივით მოკლეს, _ ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინზე განაცხადა. ჭელიძის თქმით, დანაშაულს წინ წარსულში არსებული კონფლიქტი უძღოდა. დაკავებულია ერთი პირი.
”ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გავხსენით. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა, მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1980 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებული – თბილისში დააკავეს”, – განაცხადა ჭელიძემ.
მისივე თქმით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236 -ე მუხლით. საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.