პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ “გურია ნიუსთან” ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად რეალურია, “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო კანდიდატად ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დასახელოს. მისი განცხადებით, ყოფილ პრემიერს არაფორმალური მმართველობა უფრო „აწყობს”, ვიდრე ოფიციალურად პრეზიდენტის პოსტის დაკავება.
“რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება, თუ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ივანიშვილი პრეზიდენტის ოფიციალურ პოსტს დაიკავებს და რისი რესურსიც ავტორიტეტის სახით მას ნამდვილად გააჩნია. მე თავის დროზე ძალიან კრიტიკულად შევაფასე ივანიშვილის წასვლა და დღესაც ასე ვფიქრობ, რომ უმჯობესი იყო, ის პოლიტიკურ თანამდებობაზე დარჩენილიყო. ივანიშვილი გახლავთ ამ ქვეყნის დეფაქტო მმართველი, რაც ძალიან დიდ უხერხულობას ქმნის. ვფიქრობ, რომ ყოფილ პრემიერს ეს არაფორმალური მმართველობა ხელს აძლევს და მისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა, ჩემი აზრით, გამორიცხულია.
არსებული რეალობიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნებიდან” გაიმარჯვებს ის საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელზეც ივანიშვილი შეჯერდება. ვფიქრობ, ის კანდიდატები, რომლებზეც დღეს საუბარია, არარეალურია. მგონია, რომ უფრო დიდი შანსი აქვს ისეთ კანდიდატს, როგორიც პირობითად კახა კალაძეა ანუ ისეთ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკური აღმავლობის ტენდენციებით მოღვაწეობენ. საბოლოო ჯამში, შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ასეთი ადამიანი “ქართულ ოცნებაში” არ ჩანს” , _ განაცხადა ვაჟა ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ამომრჩეველი პრეზიდენტს ერთჯერადად, 4 წლის ვადით აირჩევს. ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, სადაც გადაწყვეტილებას პრეზიდენტის არჩევაზე ამომრჩეველი მიიღებს.