მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სასამართლოში მოწმის სახით იკითხება, როგორც პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა განაცხადა, გამოძიების ამ ეტაპზე მოწმესთან შეკითხვები რამდენიმე ასეული ათასი თანხის ხარჯვის მიზნობრიობაზე ექნება.
“გამოძიება მიმდინარეობს ფონდ “იავნანას” კუთვნილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. გამოძიების პერიოდში ამოღებულია ფონდის დაფუძნებიდან 2017 წლის ჩათვლით დოკუმენტაცია და შესწავლის პირობებში გამოიკვეთა არაერთი მნიშვნელოვანი და საეჭვო გარემოება ფონდის კუთვნილი თანხებების ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით , შესაბამისად, კითხვები აქვს გამოძიებას ფონდის დამფუძნებელთან. შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოგვიანებით გახდება ცნობილი,”- განაცხადა ჯვარშეიშვილმა.
მედიასთან კომენტარი გააკეთა ბურჭულაძემაც, რომელმაც განაცხადა, რომ “სიკეთე დასჯადია.”
“დღეს ისტორიული დღეა, გიხაროდეთ, დღეს სიკეთე არის დასჯადი ალბათ და უნდა გამოკითხონ ის ადამიანი და ის ფონდი ვისაც ამდენი სიკეთე აქვს გაკეთებული. მაგრამ რა ვქნათ, იმედი ვიქონიოთ, რომ სამართალი იქნება,” – განაცხადა ბურჭულაძემ.
პაატა ბურჭულაძე ვარაუდობს, რომ გამოკითხვის შემდეგ, პროკურატურაში ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით მოკვლევა შეჩერდება. ბურჭულაძის თქმით, საქველმოქმედო ფონდი წლების განმავლობაში გამჭვირვალედ საქმიანობდა და მისი მიზანი ადამიანების დახმარება იყო. ბურჭულაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა ამ საქმიანობის შეფერხება გადაწყვიტა.
კონკრეტულად რომელ ჯგუფზეა საუბარი, ბურჭულაძე არ აკონკრეტებს. პაატა ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ პროკურატურის მხრიდან ფონდ იავნანას საქმიანობით დაინტერესება, ნაწილობრივ, მის წარსულ საქმიანობასთან იყოს კავშირში – იმ პერიოდთან, როდესაც მომღერალმა “დიდ პოლიტიკაში წასვლა” გადაწყვიტა.
5 თებერვალს პაატა ბურჭულაძის შვილებმა პროკურატურას მიმართეს. ალექსანდრე და შუქრი ბურჭულაძეები მიიჩნევენ, რომ მათ მობილურ ტელეფონში შეღწევას ცდილობდნენ, რაც, შესაძლოა, კიბერდანაშაულთან იყოს კავშირში.
მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.