შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროექტი „112“-ის მობილური აპლიკაცია შექმნა.
უწყების ინფორმაციით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, შესაძლებლობა ექნება ჩამოტვირთოს და ისარგებლოს „112“-ის მობილური აპლიკაციით.
აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად შეამცირებს საგანგებო სამსახურების შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს.
აპლიკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა „112“-ში (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩატი“).
აღნიშნული ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ აქვს საუბრის საშუალება ან ზარის განხორციელებით ექმნება საფრთხე.
აპლიკაცია უფასოა, აქვს IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მსოფლიოს 13 ქვეყანაშია დანერგილი მობილური აპლიკაციით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირება.