რამდენიმე დღის წინ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლობარგში საბავშვო ბაღში ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა. პირმა, რომელმაც ბაღის შენობაში არასამუშაო საათებში შეაღწია, სასწავლო დაწესებულებიდან საკვები პროდუქტები წაიღო.
აღნიშნულ ფაქტს „გურია ნიუსთან“ კომენტარში ადასტურებს ლანჩხუთის სკოლამდელი სააღმზრდელო საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელი დავით წულაძეც.
„შემთხვევა გასულ კვირას მოხდა. ქურდმა ბაღიდან მცირედი საკვები პროდუქტის წაღება მოახერხა. საქმე უკვე გახსნილია, აღნიშნული პირი შემთხვევიდან მეორე დღესვე დააკავა პოლიციამ“, _ გვითხრა წულაძემ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, სოფელ ჩოლობარგის საბავშვო ბაღში ქურდობის ჩამდენი პირი მხილებულია და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის ქოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.