ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოება გახშირებულ კრიმინალზე და პოლიციის უმოქმედობაზე ალაპარაკდა.
5 დღის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ცენტრში მდებარე ერთი სუპერმარკეტი გაძარცვეს, სადაც მინებს სანადირო თოფი ესროლეს, მარკეტში ისე შეაღწიეს და 700 ლარამდე თანხა წაიღეს, მეორეში კი ე.წ. “ლიმონკა“ შეაგდეს, რამდენიმე თვის წინ კი აღნიშნულ შენობაში მდებარე ბანკი და, ასევე, ცენტრიდან მოშორებით მდებარე სასურსათო მაღაზია გაძარცვეს.
12 თებერვალს, გამთენიისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ცენტრში მდებარე სუპერმარკეტში, ჯერჯერობით, გამოძიებისთვის დაუდგენელმა პირებმა ხელყუმბარა შეაგდეს. ჯერჯერობით, დაუდგენელია ზარალის ოდენობა. ჩამსხვრეული და დაზიანებული სუპერმარკეტის მინები, კედლები და მაცივრები. არ არის წაღებული არც თანხა და არც სასურსათო საქონელი.
შემოქმედის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნული ფაქტის ერთ-ერთ ვერსიად “ნისიად“ მისულ და უარით გასტუმრებულ, განაწყენებულ მოქალაქეებს უკავშირებს, ზოგიც კი პირად დაინტერესებას და ბოროტულად, განზრახ ჩადენილ დანაშაულს.
შემთხვევის ადგილზე მისულ ჟურნალისტებს პოლიციის თანამშრომლები სუპერმარკეტში შესვლას და თანამშრომლებთან გასაუბრებას გვიკრძალავდნენ. იქვე მყოფი ადამიანები კი ჩვენთან საუბრისას ამბობდნენ, რომ მაღაზიის თანამშრომლები პოლიციას გაფრთხილებული ჰყავდა, ზედმეტი საუბრისგან თავი შეეკავებინათ.
_ აი, რასაც ხედავთ თქვენი თვალით, ესაა ჩვენი ზარალი, ჩვენ რა ვიცით, რატომ მოხდა და ვინ გააკეთა, პოლიციას შეეკითხეთ, _ გვეუბნებოდა სუპერმარკეტის თანამშრომლები და დასძენდნენ, რომ მაღაზიაში არავინ გაუწბილებიათ.
სუპერმარკეტის ერთ-ერთი მეწილე გოჩა სურგულაძე ვინმესთან უთანხმოებას გამორიცხავს: _ არაფერი ყოფილა მსგავსი, ნეტა ყოფილიყო, რომ მეფიქრა ამაზე, აზრზე არ ვართ, ვინ ჩაიდინა ეს ბოროტება.
იქვე მდებარე მეორე სუპერმარკეტს რამდენიმე დღის წინ ესროლეს სანადირო თოფი, ჩაამსხვრიეს მინები და წაიღეს 700 ლარამდე თანხა.
მაღაზიის თანამშრომელი ქრისტინა გოგელია: _ თოფი ესროლეს, ზარალი დიდია, ჩაიმსხვრა კარები, პოლიციას ჰკითხეთ, რა ხდება, მაინც ვერ იძიებენ. ეს არის პოლიციის ბრალი, ოზურგეთში პოლიციის მუშაობა ნულის ტოლია. რა დონეზეც არის პოლიცია, იმ დონეზეა კრიმინალი. ბანკი გაქურდეს აქვე რამდენიმე ხნის წინ, ზევით კიდევ ერთი მაღაზია გაიქურდა, მოკლედ ტეხასი გახდა შემოქმედი.
შსს აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან გამოძიება მიმდინარეობს სსკ 187 მუხლით, რაც გულისხმობს, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.