ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს სამი პეტიცია დარეგისტრირდა. საკრებულოს აპარატმა რეგისტრაციის მოწმობა უკვე გასცა.
საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნათია ზედგენიძის ინფორმაციით, თითოეულ პეტიციას 700 ხელმოწერა ახლავს.
პირველი პეტიციით ოზურგეთელები ითხოვენ, რომ შეიქმნას „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების სივრცით -ტერიტორიული მოწყობის მარეგულირებელი შესაბამისი დოკუმენტაციები და რეგულაციები“;
მეორე პეტიციით ოზურგეთის მაცხოვრებლებს სურთ, რომ საბავშვო ბაღებში საზაფხულო ჯგუფები შეიქმნას:
„ბავშვების განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, უზრუნველყოთ საზაფხულო საბავშვო ბაღების სასწავლო-აღმზრდელობითი პროგრამის შემუშავება, საკრებულოს სხდომაზე განხილვა და დამტკიცება“, _ აღნიშნულია პეტიციაში.
მესამე პეტიციით კი მოქალაქეები ითხოვენ მიეცეთ საშუალება პეტიცია ელექტრონული წესით წარადგინონ:
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს ელექტრონული პეტიციის შესაძლებლობას. ელექტრონული ფორმით პეტიციების დადგენის წესი დადგენილებით უნდა განსაზღვროს საკრებულომ. წარდგენის წესი და პროცედურები აისახოს რეგლამენტში“, _ აღნიშნულია მოქალაქეების მიერ საკრებულოში შეტანილ დოკუმენტში.
ნათია ზედგენიძის თქმით სამივე პეტიციაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო უახლოეს ხანში იმსჯელებს.
საკრებულოში პეტიციების შეტანის ინიციატორი “გურიის ახალგაზრდა რესურსცენტრია”, რომლის წარმომადგენლის, ოთარ რევიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის წინსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება სწორედ სამოქალაქო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთთანამშრომლობაა.
„ჩვენ გვაქვს უკვე ეს გამოცდილება სხვადსხვა პროექტების განხორციელებით. მსგავსი მუშაობის შედეგია, როდესაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, მათ შორის საკრებულო მოწინავე ადგილს იკავებს საქმიანობის გაჭვირვალობისა და მოქალქეთა წინაშე ანგარიშვალდებულების მიმართულებით. ხოლო აღნიშნული პეტიციები იქნება ახალი შესაძლებლობა მოქალქეთა ინტერესების გათვალისწინებით გადავწყვიტოთ მნიშვნელოვანი საკითხები,“ _ აღნიშნავს ოთარ რევიშვილი.