დღეს, ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ბრიფინგი გამართა ეკა ნინიძემ, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კოტე შარაშენიძემ ახლახან სამსახურიდან გაათავისუფლა.
ბრიფინგს ჟურნალისტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
_ აბსოლუტურად უსაფუძვლოდ და უკანონოდ გამათავისუფლეს სამსახურიდან. ორი მუნიციპალიტეტის შერწყმა საინტერესო პროცესია და როგორც შრომის კოდექსი ითვალისწინებს, შერწყმის პროცესში მოხდა სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანებაც. ამიტომ ორი თანამდებობის პირიდან ერთ-ერთი მაინც უნდა დანიშნულიყო. ასევე, უნდა მომხდარიყო შეთავაზება, თუმცა, არცერთი ეს არ მომხდარა და მერმა, ერთი ხელის მოსმით, ცრუ საფუძველზე გამათავისუფლა. კოტე შარაშენიძის სლოგანი _ „მეგობარი მერი“, ასე „მეგობრულად“ გამოიხატა ჩემ მიმართ. მე მარტო არ ვარ, ჩემ გვერდითაა მოქალაქეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, დიდი გუნდი, რომელთაც ადარდებთ ოზურგეთის ყოფა. სამართლებრივი გზით გავაგრძელებ ბრძოლას, _ თქვა ნინიძემ.
მან, ასევე, დეტალურად ისაუბრა გათავისუფლების მოტივის სრულ სიცრუეზე. კერძოდ, ის ფაქტი, რომ 12 თებერვალს დაწერეს ნინიძის გათავისუფლების ბრძანება, თითქოსდა, რეორგანიზაციის საფუძველზე, მტკნარი სიცრუეა. საერთოდ არ არის დასრულებული ეს რეორგანიზაცია. პარალიზებულია მთელი სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიცაა ბავშვები.
_რა რეორგანიზაციის დასრულებაზე საუბრობს მერი? კოტე შარაშენიძემ ერთადერთი ქმედება, რაც წარმატებით განახორციელა მოსვლის დღიდან, ეს არის საკუთარი სიძისთვის 30 ათასი ლარის გადარიცხვა, ეს კი მოახერხა, _ აღნიშნა ნინიძემ.
ეკა ნინიძემ გაიხსენა 9 თებერვალი, როცა ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ სამსახურში გავიდა და შარაშენიძემ იმ დღესვე აუდიტის სამსახურის უფროსი და იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი გაუგზავნა.
_ ეს პირები, ძალიანაც რომ სდომებოდათ, უკან ხელცარიელი ვერ დაბრუნდებოდნენ. ამიტომ მიზეზად წამომიყენეს ასეთი რამ, 11 დეკემბერს რატომ არ გვაცნობე, თუ 12-ში საავადმყოფოში წვებოდიო. თუმცა ასეთ არასერიოზულ კითხვაზე უნდა ვუპასუხო, რომ განგებასთან არ მაქვს ხელშეკრულება დადებული და არ ვიცოდი, ასე მძიმედ თუ გავხდებოდი ავად. ყველამ იცით, რომ ერთი კვირის განმავლობაში სასუნთქ აპარატზე ვიყავი შეერთებული. ჩემთვის პირველი არ არის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. 2012 წელს გამათავისუფლეს იმის გამო, „ოცნების“ მიტინგზე რატომ იყავიო. ახლა „ოცნება“ ოცნებისთვის მათავისუფლებს. რევოლუცია არ მომხდარა, რომ 2017 წელს ხელისუფლება შეცვლილიყო, ამიტომ მიკვირს და ვერ გავიგე ეს განტოლება. ხელისუფლებაში „ნაციონალური“ ძალა მოვიდა, ასე გამოდის, _ დაასრულა ნინიძემ.
ბრიფინგზე არაერთი კითხვა დაისვა. მათ შორის, ვის და რას გულისხმობს ეკა ნინიძე „ნაციონალების“ მოსვლაში.
_ მე ვიყავი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მხარდამჭერი. ხელისუფლებაში „ნაციონალების“ მოსვლაში ვგულისხმობ იმას, რომ კოტე შარაშენიძე არის „ნაციონალური“ პროდუქტი. მან სული მიყიდა „ნაციონალებს“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ გაიმარჯვებდა. გადახედეთ მის საარჩევნო შტაბს, ვინ იყვნენ იქ? თავართქილაძე, ბოლქვაძე, მამეიშვილი _ „ნაციონალების“ მთელი გუნდი. ამიტომ ვამბობ, რომ სამსახურიდან „ოცნების“ კანდიდატის მხარდაჭერისთვის გამიშვეს, ამიტომ მდევნიან, თუმცა, ვიმეორებ, ვაგრძელებ ბრძოლას სამართლებრივი გზით, _ უპასუხა მან ჟურნალისტებს.
ბრიფინგზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ოზურგეთში ნუგზარ გიორგაძემ. მან მადლობა გადაუხადა ეკა ნინიძეს აქტიურობისთვის. ამასთანავე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის დავით დარჩიას მისამართით კრიტიკა არ დაიშურა:
_ აქამდე უნდა გაეკეთებინა განცხადება საკრებულოს თავმჯდომარეს და გამოეთქვა მხარდაჭერა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სახელმწიფოს გვერდით იდგნენ არჩევნებზე, მხარს უჭერდნენ „ქართულ ოცნებას“ და დღეს ამის გამო, შარაშენიძე სამსახურიდან ათავისუფლებს. თქვენ, ვისაც უსამართლოდ მოგექცნენ, აუცილებლად უნდა შეადგინოთ პეტიცია ხელისუფლების მისამართით. საკრებულოში ხომ დღეს თქვენ მიერ მიცემული ნდობის მანდატით სხედან? _ მიმართა მან ნინიძეს.
თავის მხრივ, ეკა ნინიძემ განმარტა, რომ მისი კომპეტენცია არ არის არჩევნების შედეგების შეჯამება.
_ ვიცი ესეც, რომ საკრებულოში სხედან ჩვენგან მიცემული ნდობის მანდატებით. თუმცა, ოზურგეთს დღეს აქვს თავისი კონსტიტუცია, რომელსაც ჰქვია „კოტეს კონსტიტუცია“. ამიტომ მე ვიბრძოლებ სამართლებრივი გზით. ყველას მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, _ ასე დაემშვიდობა ბრიფინგის მონაწილეებს ეკა ნინიძე.
„გურია ნიუსი“ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას დაუკავშირდა და კითხვით მიმართა:
_ ბატონო დავით, ეკა ნინიძის ბრიფინგზე გამოითქვა მოსაზრება, რომ თქვენ არ გააკეთეთ მხარდამჭერი განცხადება იმ ადამიანების დასაცავად, ვისაც სამსახურიდან ათავისუფლებენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ დაკავებული ხართ მხოლოდ პირადი კეთილდღეობით...
_ რა გითხრათ?! ვერაფერს გიპასუხებთ. რა არ გავაკეთე? მე ყველაფერი გავაკეთე. ახლა რა გიპასუხო, ვერ გიპასუხებ, არ ვესწრებოდი. ახლა შეჯიბრს ვესწრები, _ გვითხრა დარჩიამ.
ეკა ნინიძის განცხადებას, მისი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ, ოზურგეთის მუნციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე ასე ეხმაურება:
_ მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, მუნიციპალიტეტის მერიაში თითქმის ყველა თანამშრომელმა შეინარჩუნა პოზიცია. რაც შეეხება ა(ა)იპ-იებს, მოხდა ქალაქის და მუნიციპალიტეტის ასეთი ორგანიზაციების გაერთიანება, შეიქმნა ახალი, რომლის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების გადაწყვეტილებას იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი. გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი სენსიტიურია და ეხება ბავშვებს, სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელის შერჩევა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული ამოცანაა.