ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი შეაფასა პოლიტიკის ექსპერტმა მამუკა არეშიძემ. როგორც პოლიტოლოგი ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უკიდეურესად დაზიანებულია, რის გამოც ოკუპირბული ცხინვალი სხეულის გადმოცემის პროცედურებს აჭიანურებს. გარდა ამისა, როგორც არეშიძე გვეუბნება, საქართველოს ხელისუფლებას დამნაშავეების დასასჯელად გარკვეული რესურსები გააჩნია, თუ რა რესურსებზეა საუბარი, პოლიტოლოგი უფრო კონკრეტული განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს.
,,რასაკვირველია, დანაშაულის გადაფარვის მიზნით ხდება ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, რომ გარდაცვლილის სხეული არის უკიდურესად დაზიანებული, ამიტომ დროს ჭიმავენ, რომ ასეთი სახით სხეული საქართველოს არ გადმოსცენ, რადგან ეს გამოიწვევს ძალიან სერიოზულ საერთაშორისო სკანდალს, რაც, პირველ რიგში, რუსეთს დაარტყამს. პასუხისმგებელი, საერთაშორისო თვალსაზრისით, ყველა იმ პროცესებზე, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, რუსეთია, თან გავითვალისწინოთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყველა ძალოვანი სტრუქტურა დიდი ხანია რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების შემადგნლობაშია ოფიციალურად გადასული. ახლა ცდილობენ, ჩაცხრეს ემოცია და რაღაცნაირად გამოსავალი იპოვონ.
საქართველოს მხარეს გვამის გადმოცემის ფორმატში შეუძლია მხოლოდ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება. ევროპარლამენტში უკვე გაკეთდა შესაბამისი განცხადებები და ნუ გვავიწყდება რუსეთის წარმომადგენლობა იქ არის. ამის შესახებ შესაბამისი ტრიბუნიდან რამდენიმე დღეში ისაუბრებს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. მხოლოდ ეს შეგვიძლია, სხვა მექანიზმი არ იმუშავებს.
რაც შეეხება დამნაშავეების დასჯას, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების ძალებში არის სხვა რესურსი იმისათვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ თუ რა რესურსზეა საუბარი ამას მედიაში ვერ განვაცხადებ“, _ გვითხრა არეშიძემ.
22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოსური მედიის ინფორმაციით კი, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.