„ეჭვი მაქვს, “საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ნულები შეეშალა” _ ეს განცხადება საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იმ კვლევის პასუხგად გააკეთა, რომელშიც ორგანიზაცია პიარის მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროს დანახარჯებზე საუბრობდა.
„ეჭვი მაქვს, “საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ნულები შეეშალა. მაგალითად, შარშან 317 ლარი დაიხარჯა საკუთრივ პიარაქტივობისთვის, რაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას ეხებოდა. რაც შეეხება ამ მიმართულებას, არიან თანამშრომლები, რომლებიც ამაზე მუშაობენ და ხელფასები ეძლევათ“, – განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დღეს კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საჯარო უწყებების პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა და მათი ანაზღაურების ოდენობა მკვეთრად გაიზარდა. საკვლევი პერიოდის განმავლობაში 2012-დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 49 მილიონ 75 ათას ლარზე მეტი 2013-2017 წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიხარჯა.
“2013-2017 წლებში, პრესსამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისა და მათი სახელფასო ანაზღაურების მხრივ შემდეგი სამინისტროები ლიდერობს: შინაგან საქმეთა, თავდაცვის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროები.
პიარის მიმართულებით დასაქმებულთა ანაზღაურებაში, 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ყველაზე მეტი თანხა შსს-მ დახარჯა, რამაც 5 წლის განმავლობაში 5 მილიონ 300 ათას ლარზე მეტი შეადგინა, მაშინ როცა თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს იმავე პროფილის თანამშრომლების შენახვა საქართველოს ბიუჯეტს, შესაბამისად, 3 მილიონ 800 ათას ლარზე მეტი და 3 მილიონ 600 ათას ლარამდე დაუჯდა”, _ აღნიშნულია კვლევაში.