„ეს შემაძრწუნებელია, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს”, _ ეს განცხადება, აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ ოკუპირებულ ახალგორში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.
იან კელიმ აღნიშნა, რომ აშშ რუსეთს ტატუნაშვილის გადმოსვენებასთანდაკავშირებით უკვე ესაუბრა.
„ჩემთვის გაუგებარია, რატომ ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება და 2 დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას და მის ყველა ძალისხმევას ამ მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ესაუბრა რუსეთის ფედერაციას ამ თემაზე და ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მოხდეს ცხედრის გადმოცემა,“ – აცხადებს იან კელი.
იან კელი ასევე, საქართველოს პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ ორ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნება.
„რაც შეეხება რეზოლუციას, მე დეტალურად არ ვარ ინფორმირებული რა სხვაობაა ამ ორ დოკუმენტს შორის, მაგრამ კარგია, როცა უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები თანხმდებიან და იქმნება ერთობლივი დოკუმენტი,“ – განაცხადა იან კელიმ.